Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მიხაილოვის" საავადმყოფო არტცენტრი ხდება - რუსი ბიზნესმენის, შალვა ბრეუსის გეგმები საქართველოში


მიხეილის („მიხაილოვის”) საავადმყოფოს ახალმა მფლობელმა, რუსეთში მცხოვრებმა წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა, შალვა ბრეუსმა 6 ივლისს მედია, არქიტექტორები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ყოფილი ჰოსპიტლის ეზოში შეკრიბა იმაზე სამსჯელოდ, როგორი იქნება აქ განთავსებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. 

„ერთი თხოვნა მაქვს: ჩვენ ვართ კულტურის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე დღევანდელი დღიდან არ აქვს მნიშვნელობა ნაციონალობას, მოქალაქეობას, განათლებას, სქესს და პოლიტიკურ ინტერესებს და ასე შემდეგ. ამას ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ კულტურის ტერიტორიად და ამ ტერიტორიაზე ვილაპარაკოთ მხოლოდ კულტურაზე”, - უპასუხა ჟურნალისტებს მილიონერმა შალვა ბრეუსმა 6 ივლისს მიხეილის საავადმყოფოს ეზოში. მედიას აინტერესებდა, რა მიზანი ჰქონდა რუსეთიდან ჩამოსულ ხელოვნების მოყვარულ ბიზნესმენს, როცა თბილისის ცენტრში ისტორიულ შენობას ყიდულობდა - ხომ არ გადმოიტანა მან ამ გზით თავისი რუსული ფულის ნაწილი საქართველოში.

ბიზნესმენმა ეს შენობაც და მისი ბაღიც 21 მარტს აუქციონზე 16 მილიონ დოლარად იყიდა იმ პირობით, რომ აქ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს გახსნიდა და ამ საქმეში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებდა.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის იდეის პრეზენტაციაზე, რომელზეც ბიზნესმენი ქართულ-ინგლისურად საუბრობდა, მან თქვა, რომ შეეძლო მუზეუმი ვენეციაში ან ბრიუსელში გაეკეთებინა, მაგრამ როგორც საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა, თბილისი არჩია. ის ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა პოლიტიკური შეფასებებისთვის, მხოლოდ ის თქვა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს „ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან, არ იცნობს კულტურის მინისტრს და რომ არც იმის შესახებ იცის რამე, რა ხდება ეროვნულ მუზეუმში.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომლის მოწყობასაც შალვა ბრეუსი გეგმავს თბილისში, საინვესტიციო პირობების მიხედვით, 2028 წელს უნდა გაიხსნას.

„ეს მუზეუმი იქნება არა ტაძარი, სადაც ადამიანი მოდის და ლოცულობს… ეს იქნება ახალგაზრდების სახლი - შენ შეგიძლია შემოხვიდე სკეიტბორდით ჩვენს მუზეუმში, დადო კედელთან, დაჯდე, გახსნა ლეპტოპი, იმუშაო და წახვიდე.

ჩვენ მუზეუმს მუზეუმს არ დავარქმევთ. მუზეუმს მუზეუმის სტატუსს აძლევს სახელმწიფო. ჩვენ ვიქნებით არტცენტრი. დამოუკიდებელი. მაგალითად, პომპიდუს მუზეუმი არის არტცენტრი, ჯოხთაბერიძის მუზეუმი არის მუზეუმი. ყველას აქვს თავისი არჩევანი. მე ვირჩევ არტცენტრს იმისთვის, რომ ვიყო ყველანაირი ბიუროკრატიისგან აბსოლუტურად თავისუფალი”, - ასე ახსნა თავისი ხედვა შალვა ბრეუსმა.

შალვა ბრეუსი თბილისში ჩამოსვლამდე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნას გეგმავდა მოსკოვშიც. 2012 წელს მოსკოვის ცენტრში მან გრძელვადიანი იჯარით იქირავა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, კინოთეატრი “უდარნიკი”. ამ შენობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გადასაქცევად გამოცხადებული იყო საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსიც, რომელშიც ბელგიურმა არქიტექტურულმა ბიურომ [Robbrecht en Daem] გაიმარჯვა 2014 წელს. ბიზნესმენი შენობის რესტავრაცია-ადაპტაციისთვის 30 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებდა, თუმცა მოსკოვის მთავრობამ 2015 წელს ეს შენობა აუქციონზე გაიტანა. შალვა ბრეუსმა მისი ყიდვაც სცადა, თუმცა საბოლოოდ არც ეს გამოვიდა.

კინოთეატრი "უდარნიკი" მოსკოვში
კინოთეატრი "უდარნიკი" მოსკოვში

„20 წელია ვმუშაობ ხელოვნებაში. ყველა ჩემი პროექტი საქველმოქმედოა. ჩემი მიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და პროპაგანდაა”, - ამბობს ის, როცა ეკითხებიან, რატომ ხსნის თბილისში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, თუკი ამ საქმისგან მოგებას არ ელის.

ბიზნესმენი ამბობს, რომ როგორც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მსხვილი კოლექციონერი, წლების განმავლობაში შეგროვებულ ნამუშევრებს თბილისის მუზეუმის ძირითად კოლექციად აქცევს, ნამუშევრებს თბილისში შეინახავს და აქედანვე გააქირავებს სხვა კულტურულ და საგამოფენო ინსტიტუციებზე.

- რუს არტისტებს გამოფენთ? - ვკითხეთ მას.

- ჩვენ გამოვფენთ ყველა მხატვარს.

- არის ეს თქვენთვის სტარტი პოლიტიკაში მოსასვლელად?

- არა, არა.

- მხოლოდ კულტურით შემოიფარგლებით?

- უეჭველი.

- კულტურას და პოლიტიკასაც მიჯნავთ?

- არა, - ამბობს შალვა ბრეუსი.

ვინ არის წარმოშობით ქართველი რუსი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი

ბათუმში დაბადებული 64 წლის შალვა ბრეუსი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. რუსეთში ის რუსული კულტურის დიდ მხარდაჭერად ითვლება. აქვს საკუთარი საერთაშორისო ფონდი „ბრეუს ფაუნდეიშენი”, რომელიც ფლობს თანამედროვე ხელოვნების საკმაოდ დიდ კოლექციას, იყო რუსულენოვანი ჟურნალ „არტქრონიკის” გამომცემელი, არის კანდინსკის პრემიის დამფუძნებელი. კანდინსკის პრემია 2007 წლიდან გაიცემა თანამედროვე რუს არტისტებზე, რომელთა შორის საუკეთესოს საერთაშორისო ჟიური არჩევს. „ბრეუს ფაუნდეიშენისა“ და კანდისკის პრემიის ეგიდით იმართება მოსკოვში, მათ შორის კრემლშიც, თანამედროვე ხელოვნების გამოფენები. ბოლო ასეთი გამოფენა 2021 წლის დეკემბერში მოეწყო.

„ბრეუს ფაუნდეიშენის” საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საგამომცემლო საქმიანობაა. მის მიერ გამოცემული სერიული წიგნები თანამედროვე მხატვრების შესახებ ათობით მუზეუმის მაღაზიაში იყიდება, ერმიტაჟიდან გუგენჰაიმამდე.

შალვა ბრეუსი მის კოლექციაში შემავალ ნახატებთან ერთად
შალვა ბრეუსი მის კოლექციაში შემავალ ნახატებთან ერთად

შალვა ბრეუსი გამომძიებელ ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრშიც მოექცა ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიებით.

ბრეუსს ხელოვნებისა და ბიზნესის გარდა, პოლიტიკაც აინტერესებდა. 1998 წელს ის რუსეთში, კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის, გენერალ ალექსანდრ ლებედის მოადგილე გახდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბრეუსი ბიძინა ივანიშვილთანაც გადაიკვეთა. dela.ru წერდა, რომ გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას ივანიშვილიც აფინანსებდა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ რუსული მედია ბრეუსს ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტშიც ხედავდა.

ინტერნეტში იძებნება შალვა ბრეუსის საჯარო გამოსვლა 2017 წელს მოსკოვში, სადაც თავის კოლექციაზე საუბრისას ახსენებს ბიძინა ივანიშვილსაც. ის თავის კოლექციას ივანიშვილის კოლექციას ადარებს და ამბობს, რომ მასაც არაჩვეულებრივი ნამუშევრები აქვს შეძენილი, თუმცა კონცეფციის გარეშე. მისი კოლექცია კი ივანიშვილისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო შეკრულია ერთი იდეითა და ხედვით. 2017 წელს snob.ru შალვა ბრეუსზე მომზადებულ ვრცელ სტატიაში წერდა, რომ მისი კოლექცია, რომელიც 700-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს და რომელსაც ათწლეულებია აგროვებს, სრულად არავის აქვს ნანახი.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პრეზენტაციის წინ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ შალვა ბრეუსს საქართველოში არაერთი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის ნეველის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია აბასთუმანში; ბათუმში, სამების მთაზე წმინდა სამების საეკლესიო კომპლექსის აშენება და საეკლესიო მოზაიკის დაკარგული ტრადიციის აღდგენა, რომლის გამოც იგი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წმინდა გიორგის ჯვრით დააჯილდოვა”.

როგორ იყიდა რუსმა ბიზნესმენმა მიხეილის საავადმყოფო

შალვა ბრეუსმა ისტორიული შენობა თბილისის ცენტრში შპს “ჰანსის” საშუალებით შეიძინა. ეს კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც თვითონ არის, 2021 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შპს „ჰანსის“ გარდა ბრეუსი საქართველოში კიდევ სამი კომპანიის მეწილეა - სამივე კომპანია 2021 წელს არის რეგისტრირებული და სამივეს ხელმძღვანელი და მმართველი ალექსანდრე ჩხიკვიშვილია.

სანამ მიხეილის საავადმყოფოს ტერიტორიის სამუზეუმო სივრცედ გადაქცევას გადაწყვეტდა სახელმწიფო, მანამდე აქ სხვა ინვესტორს 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენების ვალდებულება ჰქონდა, თუმცა მან საინვესტიციო ვალდებულება არ შეასრულა, სახელმწიფო ქონების სააგენტომ ინვესტორს ტერიტორია ჩამოართვა და ობიექტი ხელახალი პრივატიზაციისთვის მოამზადა.

მიხეილის ყოფილი საავადმყოფოს შენობის და მიმდებარე მიწების გაყიდვა სახელმწიფომ ოთხჯერ სცადა, მაგრამ მყიდველი არ გამოჩნდა. ბოლოს, 2021 წელს ქონების ეროვნული სააგენტო ამ ლოტს 39,8 მილიონ ლარად აფასებდა. საბოლოოდ 2022 წლის მარტში შენობა ეკონომიკის სამინისტრომ შალვა ბრეუსის კომპანიას საწყის ფასზე თითქმის 24 მილიონი ლარით ნაკლებად, 16 მილიონ ლარად მიჰყიდა.

„მუზეუმს სჭირდება საგამოფენო სივრცეები, საავადმყოფოს შენობას ეს სივრცეები არ აქვს, ამიტომ ჩვენ უნდა მივუშენოთ დამატებითი კომპლექსი. ისე უნდა ჩავდგათ, რომ ისტორიული სურათი არ დავარღვიოთ არავითარ შემთხვევაში. უნდა აღვადგინოთ ეს ყველაფერი და ჩავდგათ თანამედროვე კომპლექსი ამ ისტორიულ შენობაში - ესაა მთავარი ამოცანა არქიტექტორებისთვის.

[არქიტექტურული] კონკურსი უფრო ადრე დავიწყე, ვიდრე ამ ფართის მფლობელი გავხდი. 14 არქიტექტურული ბიურო მონაწილეობდა კონკურსში. ორი მოთხოვნა გვქონდა: დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მუზეუმების პროექტირებაში და პარკების პროექტირებაში. ჩვენ ვაპირებთ სკულპტურების პარკის მოწყობას, რაც იქნება მუზეუმის ნაწილი”, - გვითხრა შალვა ბრეუსმა 7 ივლისს და იქვე რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს არც ისტორიული შენობისთვის იერსახის შეცვლას და გაუფრთხილდება ბაღსაც.

ყოფილი მიხეილის საავადმყოფოს ეზო
ყოფილი მიხეილის საავადმყოფოს ეზო

ამ დროისთვის თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში შპს „ჰანსის“ მხოლოდ ერთი განცხადებაა შესული: კომპანია ითხოვს ბაღში შემორჩენილი ძველი შენობების, ავტოფარეხებისა და დაუმთავრებელი შენობის კარკასების დემონტაჟის უფლებას. არქიტექტურულმა სამსახურმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

შენობები, რომლის დემონტაჟის უფლებასაც ითხოვს შპს „ჰანსი“
შენობები, რომლის დემონტაჟის უფლებასაც ითხოვს შპს „ჰანსი“

როგორი იქნება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თუკი მას მართლაც ააშენებს შალვა ბრეუსი საქართველოში, რამდენიმე თვეში გაირკვევა, არქიტექტურული კონკურსის დასრულების შემდეგ, 2022 წლის დეკემბერში. გამარჯვებულ კომპანიას 10 თვე ექნება იმისთვის, რომ პროექტი განავითაროს. მშენებლობის დაწყება 2023 წლის ბოლოს იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG