უკრაინაში ომის დაწყებიდან 136-ე დღეს, თავის ტრადიციულ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ გასულ დღეს რუსეთის არმია მიზანმიმართულად უტევდა ქალაქებს მიკოლაევს, ხარკოვს, კრივი რიჰს, ზაპორიჟიეს რეგიონის დასახლებულ ნაწილს და არ წყვეტდა დონბასის დაბომბვას.
ზელენსკი აცხადებს, რომ ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებული, განზრახ დარტყმები საცხოვრებელ სახლებზე, სამოქალაქო ობიექტებზე, სადაც არიან ადამიანები. არის მსხვერპლი და არიან დაშავებულებიც.
ზელენსკი ხაზგასმით ამბობს, რომ ასეთი ტერორისტული აქტების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის, ძლიერი იარაღით.
„მადლობელი ვარ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებისთვის, დამატებით მოგვაწოდოს უკრაინას HIMARS-ის სისტემები და სხვა იარაღი, 400 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვითი დახმარების ახალი პაკეტი, რაც საშუალებას მოგვცემს, გადავდგათ ანტიტერორისტული ნაბიჯები და შევამციროთ რუსული სარაკეტო დარტყმები ცოცხალ ადამიანებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის ელჩების გათავისუფლების საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ჩვეულებრივი როტაციის პროცესია და რომ ელჩების ახალი კანდიდატურები მალე გახდება ცნობილი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიაში.