Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯილ ბაიდენი უკრაინელებს მენტალური ჯანმრთელობის აღდგენის პროგრამის მხარდაჭერას ჰპირდება - ოლენა ზელენსკამ მისგან წერილი მიიღო


ოლენა ზელენსკა, უკრაინის პირველი ლედი

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა წერს, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის ხელით მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის წერილი, რომელშიც ის უკრაინას ჰპირდება უკრაინელების მენტალური ჯანმრთელობის აღდგენის პროგრამის მხარდაჭერას.

ჯილ ბაიდენმა, ოლენა ზელენსკასთან ერთად, მაისში უჟგოროდში იძულებით გადაადგილებული ოჯახები მოინახულა. და როგორც უკრაინის პირველი ლედი წერს, მან საკუთარი თვალით ნახა, რა საშინელება გადაიტანეს უკრაინელმა დედებმა.

მან საკუთარი თვალით ნახა, როგორი ფსიქოლოგიური შედეგებით მოუწევთ გაზრდა ჩვენს ბავშვებს რუსული აგრესიის გამო. აშშ პირველი ლედი ამ წერილში ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაუწევს ყოველმხრივ დახმარებას უკრაინელების მენტალური ჯანმრთელობის პროგრამას უკრაინაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, იმ ლტოლვილებისთვის, რომლებმაც თავი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეაფარეს”, - წერს ოლენა ზელენსკა და ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის მადლობა უხდის.

„მუდმივი დიალოგი, ახალი ერთობლივი პროექტები იმის დასტურია, რომ ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა დღითიდღე ძლიერდება“, - აღნიშნავს უკრაინის პირველი ლედი.

რუსეთის შეჭრის შედეგად ომი უკრაინაში უკვე 137 დღეა გრძელდება.

ბოლო ინფორმაციით, გასულ ღამითაც რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და საწარმოები განადგურდა. მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენკევიჩი ამბობს, რომ სულ ქალაქს 6 რაკეტა ესროლეს.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით კი, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა. თავდასხმა დონეცკის ოლქის ქალაქ მარიინკეში, კონსტანტინოვკაში და პერეეზდნოეში მოხდა.

რუსულმა ჯარმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა კრივი რიჰზე, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი - დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ რუსეთი ერთი დღითაც კი არ წყვეტს დონბასის დაბომბვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG