თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 11 ივნისს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილა ორ სხვადასხვა სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
უკრაინა და მისი მოკავშირეები ცდილობენ უკრაინის შავი ზღვის პორტების გახსნის მიღწევას. პორტები, კიევის თქმით, რუსეთის მხრიდან ბლოკადის გამო რჩება დახურული. დასავლეთის ქვეყნებმა გააძლიერეს პორტების გახსნის მოთხოვნა, რათა შესაძლებელი გახდეს ექსპორტი, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, სადაც ქვეყნები თავიანთი მოსახლეობების გამოსაკვებად დამოკიდებულნი არიან უკრაინის მარცვლეულზე.
ერდოანმა პუტინს უთხრა, რომ დროა, ნაბიჯები გადაიდგას გაეროს გეგმის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხო დერეფნების შექმნას შავი ზღვის რეგიონში მარცვლეულის ექსპორტისთვის - ამ შინაარსის სამთავრობო განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu. ზელენსკი ტვიტერით წერს, რომ აფასებს ერდოანის დახმარებას მარცვლეულის ექსპორტის განახლების საქმეში და დასძენს, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უკრაინული მარცვლეულის წაღების საშუალება ოკუპირებული ტერიტორიებიდან.