Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრება თუ არა ივანიშვილს სანქციები - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 ივლისს


“დებიძინიზაცია” - უახლოვდება თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს?

თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს - ეს ნიშნავს საქართველოს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“, - თქვა გუშინ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას.

ბოლო დროს აქტიურად დაიწყო საუბარი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე. თავად მისმა ადვოკატმა დიმიტრი ყიფიანმა ერთი თვის წინ თქვა, რომ მისი მილიარდერი კლიენტი „4 მარტიდან ფაქტობრივად სანქციების ქვეშაა” და „ექმნება ხელოვნური დაბრკოლებები”, თუმცა დეტალები არ განუმარტავს. მას მერე პირველი პრეცედენტი, რომელზეც ივანიშვილის ჯგუფმა საჯაროდ ილაპარაკა, შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ტრასტის ფონდის დაწესებული შეზღუდვებია.

ერთი კვირის წინ კი საქართველოდან და ბელარუსიდან კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესებაზე „პალიტრასთან” ისაუბრა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, მაიკლ მაკფოლმა. ის უწევს კოორდინაციას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც სანქციებს დასაქვემდებარებელი პირების სიას ადგენს.

ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაკფოლის გუნდი სარეკომენდაციო საქმიანობას ეწევა, თუმცა მას გადაწყვეტილების მიმღებები უსმენენ. ნინო ევგენიძე ვარაუდობს, რომ სანქცირების შემთხვევაში დაცული არც ის კომპანიებია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ოფშორში აქვს.

ივანიშვილის ოფშორული საქმიანობა, კაპიტალი და სანქციების საფრთხე, წაიკითხე ვრცლად თამუნა ჩქარეულის სტატიაში.

12 პუნქტის შესასრულებლად ევროკომისია საქართველოს ვადას უგრძელებს - რას ნიშნავს ეს?

12 პუნქტის შესასრულებლად საქართველოს სჭირდება მეტი დრო, ვიდრე ეს მიცემული ჰქონდა - ასეთი განცხადებით გამოვიდა გუშინ ევროკომისიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი მიხეილ როპი, რომელიც სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებს კურირებს.

2022 წლის დეკემბრის ნაცვლად ამჯერად სახელდება 2023 წელი:
"დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველომ იმუშაოს მუყაითად, ღრმად და გულდასმით ამ პრიორიტეტებზე. ამიტომაც, გულდასმით განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არ უნდა დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, მიუსხდნენ ერთ მაგიდას რეფორმებზე დეტალურად სამუშოდ და ჩვენ, როგორც ევროპულმა კომისიამ გვთხოვა, საპასუხო ანგარიშს პრიორიტეტებზე [12 პირობაზე] წარვადგენთ 2023 წლის გაფართოების პაკეტში. ეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას მისცემს სათანადო დროს, გულდასმით იმუშაოს ამ პრიორიტეტებზე", - განაცხადა მიხაელ როპმა.

განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. „იმედის“ ეთერში მან თქვა, რომ ექვსთვიანი ცაიტნოტი არასწორი იყო და ეს ევროკომისიამაც გაიაზრა:

„ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს. ეს მოხდება ადრე თუ გვიან. უმჯობესია მოხდეს ადრე. საუბარია 2023 წელზე, როდესაც ევროკავშირი ხელახლა გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ჩვენ მოგვენიჭოს 2023 წელს კანდიდატის სტატუსი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიული შანსი არ დაუკარგავს და ეს არის „სპეკულაცია“.

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შეფასების გადავადება და პროცესის გახანგრძლივება, თავისთავად, სამწუხარო ფაქტია საქართველოსთვის, რადგან „ყველა რეკომენდაციის შესრულება დროულადაც იყო შესაძლებელი“, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში, მწვავე პოლარიზაციის ფონზე, შესაძლოა გადავადებამ მოსალოდნელი რისკები დააზღვიოს.

რას ნიშნავს ვადის გახანგრძლივება? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართა, მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სესია

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოსაწვევად მიმართეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ და ექვსმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. მათ მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა, ევროკავშირმა და ევროკომისიამ დააკისრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად და პრეზიდენტს მიმართავენ, პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვიოს 2022 წლის 18 ივლისიდან.

ოპოზიცია ასევე მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც, რომ უზრუნველყოს რიგგარეშე სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელება, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენების დაჩქარებული რეჟიმით დანიშვნა.

შალვა პაპუაშვილი გუშინვე გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის მიმართვას და თქვა, რომ მათ არ აქვთ არანაირი დღის წესრიგი და ეს მხოლოდ რადიკალიზაციის სურვილია მათი მხრიდან.

წაიკითხე მეტი.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხერსონის რეგიონში ვოლგოგრადის დივიზიის რუსი მეთაური დაიღუპა

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი სერგეი ბრატჩუკი აცხადებს, რომ ხერსონის რეგიონში უკრაინის არმიის ამასწინანდელი იერიშის შედეგად, რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის, 5 მაღალი რანგის ოფიცერი და ასევე ვოლგოგრადში დისლოცირებული მე-20 ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის მეთაური ანდრეი გორობეცი. მანამდე ის ჩეჩნეთში სამხედრო ბრიგადას ხელმძღვანელობდა და რესპუბლიკის მეთაურს, რამზან კადიროვსაც შეხვდა.

"ხერსონის ოლქის სამხედრო შტაბზე დანადგარ HIMARS-ის რაკეტით განხორციელებული იერიშის შედეგად, დაიღუპა რუსეთის 22-ე საარმიო კორპუსის გენერალ-მაიორი ნასბულინი. გარდა ამისა - მე-20 მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, პოლკოვნიკი გორობეცი, ამავე დივიზიის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კოვალი, არტილერიის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი გორდეევი. მთლიანობაში დაღუპულია 150-ზე მეტი სამხედრო, მათ შორის 5 ოფიცერი", - წერს ბრატჩუკი თავის ტელეგრამის არხში.

წაიკითხე მეტი.

გერმანია წლის ბოლოსთვის აღარ იქნება დამოკიდებული რუსეთის ქვანახშირსა და ნავთობზე

რუსეთის ქვანახშირსა და ნავთობზე უარის თქმა, ძირეულად შეცვლის გერმანიის ენერგომომარაგების სტრუქტურას. ქვეყანაში მოხმარებული ქვანახშირისა და ნავთობის 40%-ს გერმანია რუსეთისგან იღებდა, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს შეიცვლება. ამის შესახებ 13 ივლისს განაცხადა გერმანიის კანცლერის ოფისის წარმომადგენელმა იორგ კუკისმა.

მან დაადასტურა, რომ 1 აგვისტოდან გფრ უარს იტყვის რუსეთის ქვანახშირის იმპორტზე, 2022 წლის 31 დეკემბერს კი - რუსეთის ნავთობის იმპორტზე. ეს ზომები გათვალისწინებულია ადრე ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით. ევროკავშირმა აპრილის დამდეგს, სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში, შეათანხმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის სრული შეჩერება. აკრძალვა 10 აგვისტოს ამოქმედდება. რუსეთის ნავთობის იმპორტზე ნაწილობრივი ემბარგო, რომელიც წლის ბოლოსთვის შევა ძალაში, მაისში შეთანხმდა. თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი განაგრძობს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას ნავთობსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით. მაგრამ გერმანია მათ რიცხვს არ განეკუთვნება.

წაიკითხე მეტი.

რატომ შეიძლება ვეღარ მივიღოთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება - რა უჭირთ კლინიკებს?

ივნისის ბოლოს, ჯანდაცვის მინისტრისთვის მიწერილ წერილში აღწერილ პრობლემებსა და მოთხოვნებზე მიღებული უარის მიუხედავად, „ჯანდაცვის ასოციაცია“, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ 100-მდე კლინიკასა და 23 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს, ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს კიდევ ერთ ღია წერილს უგზავნის. „ჯანდაცვის ასოციაცია“ 13 ივლისს გავრცელებული ღია წერილით, კიდევ ერთხელ ცდილობს დაარწმუნოს ჯანდაცვის მინისტრი, რომ თუკი სამინისტრო კლინიკებში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრულ სხვადასხვა მომსახურებისთვის დადგენილ ტარიფებს არ გადახედავს, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა და მომსახურების ხარისხი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კლინიკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მიუხედავად გაძვირებული იმპორტირებული პროდუქტისა, გაძვირებული კომუნალური გადასახადებისა თუ ინფლაციისა, უკანასკნელი ცხრა წელია, სამინისტროს კლინიკებში სხვადასხვა მომსახურებაზე დადგენილი ფასებისთვის არ გადაუხედავს და კლინიკები კვლავ 2013 წელს დადგენილი ტარიფებით ოპერირებენ, რაც, მათი თქმით, „დღეს თუ არა ხვალ“, აუცილებლად აისახება პაციენტთა მომსახურების ხარისხზე. არ არის გამორიცხული, რომ დღის წესრიგში დადგეს კლინიკების ნაწილის მუშაობის შეჩერების საკითხიც.

წერილს 11 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა და თქვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილ ტარიფებს სამინისტრო ე.წ. DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) სისტემის დანერგვამდე არ გადახედავს.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ბათუმის მახლობლად, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ასობით ადამიანის სამარხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG