საქართველოს ჩემპიონმა სლოვაკეთის ჩემპიონთან - ბრატისლავის „სლოვანთან“ საპასუხო თამაში ბათუმში, მაყურებლებით გადაჭედილ სტადიონზე, დამატებითი დროის ბოლო ხუთ წუთში წააგო და უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე - კონფერენს ლიგაზე გადაერთო.
„დინამოსა“ და „სლოვანის“ პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ ბრატისლავაში უგოლოდ დასრულდა, რაც ბათუმელთათვის სასურველი ანგარიში იყო.
სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ბათუმის მატჩში, „სლოვანის“ სამივე ქართველი ლეგიონერი: ჯაბა კანკავა, გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში შეიყვანა. ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი კაპიტნები: კანკავა და კაშია შეუცვლელად ათამაშა. ჩაკვეტაძეს კი ერთი ტაიმი დაუთმო.
„დინამო“ შეხვედრის დაწყებისთანავე დაეუფლა უპირატესობას და მთელი პირველი ტაიმი მეტოქის ნახევარზე გაატარა. სლოვაკი მცველებისთვის არაერთი სახიფათო მომენტის შექმნის მიუხედავად, გოლამდე საქმე ერთხელაც არ მისულა.
პირველი რეალური საგოლე მომენტები მეტოქის კართან მეორე ტაიმის დაწყებიდან ათიოდ წუთში შეიქმნა, როდესაც ბათუმის „დინამომ“ ორწუთიან მონაკვეთში ორი რეალური შანსი ვერ გამოიყენა. „სლოვანის“ მეკარემ ჯერ ვლადიმერ მამუჩაშვილის, შემდეგ კი დავითაშვილის ძლიერი შორეული დარტყმებიც მოიგერია.
ანგარიში პირველი დამატებითი დროის მეცამეტე წუთზე გაიხსნა - გოლი დავითაშვილმა, მარჯვენა ფლანგიდან ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გაიტანა. საქართველოს ჩემპიონს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს ხუთი წუთი აშორებდა მაგრამ, დარჩენილ დროში სტუმრებმა ანგარიში სათავისოდ შეატრიალეს.
პირველი გოლისას, ბარსეღიანის დარტყმის შემდეგ ბურთი რეხვიაშვილს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და კარში შევარდა. თამაშის ბოლო წუთზე კი „სლოვანის“ კაპიტანმა ვლადიმირ ვაისმა კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაახვია და საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
თამაშის დასრულების შემდეგ, „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ შედეგის მიუხედავად, „დინამო“ მის გუნდზე უკეთესად გამოიყურებოდა.
„საქართველოს ჩემპიონი ძალიან კარგი გუნდია. ბურთითაც და უბურთოდაც უკეთესად გამოიყურებოდა და ბევრი კარგი შანსიც შექმნა, მაგრამ ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც უნდა მოხდეს. წარმატებებს გისურვებთ და მიყვარხართ“, - განაცხადა ვაისმა.
ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კი აღნიშნა, რომ მის გუნდს შეხვედრის ბოლოს ძალა აღარ ეყო: „ბურთზე კონტროლი დავკარგეთ და ამან გადაწყვიტა თამაშის ბედი. მიჭირს საჭირო სიტყვების მოძებნა. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან კარგი გუნდი გვყავს“.
საქართველოს ჩემპიონი ევროსეზონს კონფერენს ლიგის მეორე ეტაპით გააგრძელებს, სადაც პოლონეთის „ლეხს“ შეხვდება.