სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ვინიცაში, სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. დაშავდა 90-მდე ადამიანი. ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
პოლიციის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ ნასროლი სამი რაკეტა მოხვდა საოფისე შენობას. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულია ახლომდებარე ოფიცერთა სახლიც, საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო ცენტრი. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ ფეისბუკით გაავრცელა ვიდეოკადრები სარაკეტო დარტყმის ადგილიდან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვინიცაზე დღევანდელი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. „რუსეთი ყოველდღე ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, ხოცავს უკრაინელ ბავშვებს, რაკეტებს მიმართავს სამოქალაქო ობიექტებისკენ. რა არის ეს, თუ არა აშკარა ტერორისტული აქტი?“ - წერს ზელენსკი ტელეგრამ-არხზე. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს "მკვლელი და ტერორისტი ქვეყანა" უწოდა.
დაწერეთ კომენტარი