Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას იწვევს


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას იწვევს. ამის შესახებ განკარგულება პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. ინფორმაციას ადასტურებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

"საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 2022 წლის 18 ივლისიდან", - წერია პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც 15 ივლისით თარიღდება.

13 ივლისს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ და ექვსმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოსაწვევად მიმართეს. მათ მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა, ევროკავშირმა და ევროკომისიამ დააკისრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად და პრეზიდენტს მიმართავენ, პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვიოს 2022 წლის 18 ივლისიდან.

მათი მოსაზრებით, რიგგარეშე სესიაზე ის საკითხები უნდა დაისვას, რომლებიც წევრობის კანდიდატობის სტატუსისთვის ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის 13 ივლისის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს, არანაირი დღის წესრიგი არ აქვს და რაზეც ისინი საუბრობენ, არის რადიკალიზაციის სურვილი.

„მათ ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ იყვნენ იმ სამუშაო პროცესის მონაწილე, რომელიც ახლა მიმდინარეობს ყოველდღიურად, არ აქვთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG