Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში 360 ადამიანი გარდაიცვალა ანომალიური სიცხის გამო


ესპანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ცნობით, ანომალიური სიცხეების გამო ქვეყანაში უკვე 360 ადამიანი დაიღუპა. სიკვდილიანობის პიკი იყო პარასკევს, როცა სიცხის მიზეზით სიკვდილის 123 შემთხვევა აღირიცხა. ანომალიური ტემპერატურა სამხრეთ ევროპაში 8 ივლისიდან გრძელდება, ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ ცელსიუსით 45 გრადუსს მიაღწია.

სიცხის ტალღა გავრცელდა პორტუგალიაზეც: პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7-13 ივლისს სიცხისგან გარდაიცვალა 238 ადამიანი, ძირითადად ხანდაზმულები და ქრონიკული ავადმყოფები. 14 ივლისს პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია. ეს ივლისის ტემპერატურის სარეკორდო მაჩვენებელია პორტუგალიაში ტემპერატურაზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძლზე.

სიცხისა და ძლიერი ქარების გამო ევროპის სამხრეთ-დასავლეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. საფრანგეთში ხანძრების საფრთხის გამო ევაკუირებულია ხანძრებით ყველაზე მეტად დაზარალებული ჟირონდის დეპარტამენტის დასახლებული პუნქტების 14000-ზე მეტი მაცხოვრებელი. ჟირონდის დეპარტამენტში ხანძრებმა 10 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა. საფრანგეთის 96 დეპარტამენტიდან 38-ში გამოცხადებულია საფრთხის „ნარინჯისფერი“ დონე.

დიდ ბრიტანეთში სიცხის გამო ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში - მათ შორის ლონდონში, იორკში, მანჩესტერსა და სხვა ქალაქებში - საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე პირველად გამოაცხადა საფრთხის „წითელი“ დონე. ეს ნიშნავს ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს, პირველ რიგში მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს. მაგრამ მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სიცხე შეიძლება ჯანსაღი ადამიანებისთვისაც იყოს სახიფათო. მეტეოროლოგები ბრიტანელებს ურჩევენ, განსაკუთრებით ცხელ პერიოდებში სახლებიდან არ გავიდნენ. გზებზე შესაძლოა სიჩქარის შეზღუდვა შემოიღონ; ზოგიერთი სკოლა განრიგით გათვალისწინებულ დროზე ადრე შეწყვეტს გაკვეთილებს. ჯანდაცვის ეროვნული სამსახურიც საგანგებო მზადყოფნაშია მოყვანილი: მას სასწრაფო დახმარების მეტ მანქანას გამოუყოფენ.

როგორც NASA-ს სპეციალისტები მიიჩნევენ, ევროპაში სიცხის მორიგი ტალღა კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან არის დაკავშირებული. ასეთი ტალღები უკანასკნელ წლებში სულ უფრო ხშირად შეინიშნება.

XS
SM
MD
LG