Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგაშვილის დაკავებისას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო


სოსო გოგაშვილი სასამართლო სხდომაზე, 18 ივლისი
სოსო გოგაშვილი სასამართლო სხდომაზე, 18 ივლისი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის დაკავების ოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე.

როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, გამოძიება 17 ივლისს დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333- ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

უწყების განმარტებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის დაკავებისას, მის მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედება.

18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომისას, სადაც სასამართლო სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდა, სოსო გოგაშვილმა მოსამართლეს განუცხადა, რომ დაკავებისას მას არაადამიანურად მოეპყრნენ, ისე თითქოს „უკანასკენლი ტერორისტი“ ყოფილიყო.

სოსო გოგაშვილმა აღწერა მისდამი ფიზიკური ძალადობის და იარაღის შესაძლო ჩადების ეპიზოდი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის ცნობით, ბრალდებებს შორისაა 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვის საქმე.

ადვოკატის ცნობითვე, მეორე ეპიზოდი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით, შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, პერსონალურ მონაცემებს და ამ მონაცემების სამსახურიდან უკანონოდ გამოტანას.

რაც შეეხება მესამე ბრალდებას, ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვას, ადვოკატის თქმით, ლაპარაკია 5 ცეცხლსასროლ იარაღზე.

18 ივლისს სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG