Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"TV პირველი": ვატო წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული


ვატო წერეთელი, ტელეკომპანია "TV პირველის" დირექტორი
ვატო წერეთელი, ტელეკომპანია "TV პირველის" დირექტორი

ტელეკომპანია "TV პირველის" ინფორმაციით, მათი მფლობელი და დირექტორი, ვატო წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება აშშ-ის დამოუკიდებლობის აღნიშვნის ღონისძიებაზე საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს - ვატო წერეთელი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

არხის ინფორმაციით, მათი დამფუძნებელი საგამოძიებო უწყებაში დღეს, 19 ივლისს უნდა მივიდეს.

"პროკურატურას მოუწია საქმის აღძვრა. ასევე მოუწევს დამნაშავეების, არ იყო მხოლოდ [ანრი] ოხანაშვილი, ყველას გაშვება ციხეში, ვინც განახორციელა ჯგუფური თავდასხმა. აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთხელ მივმართავ, ნუ გახდებით თანამონაწილე, პროკურატურას აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიაწოდეთ ვიდეომასალა, რომ გასაჯაროვდეს თავდასხმის კადრები", - უთხრა წერეთელმა "TV პირველს".

"TV პირველის" დირექტორი ვატო წერეთელი ამბობს, რომ 30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ეზოში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

თავად ოხანაშვილი არ უარყოფს წერეთელზე ძალადობას და შემთხვევას ასე აღწერს:

"ჩემთვის მოულოდნელად მოვიდა ეს ადამიანი, წერეთელი, რომელმაც მთხოვა, რომ მეგობრულად რაღაცის თქმა სურდა ჩემთვის და იქნებ, მას გვერდით მისცემოდა საშუალება, რომ ეს ეთქვა. როდესაც მას ვუთხარი, კი ბატონო და ვუსმენდი, რისი თქმაც სურდა, ის მომიახლოვდა და ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები მითხრა, რასაც მე არ და ვერ ვიტყვი, არ გავიმეორებ მე ამას. ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია".

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG