საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტის კირტიკას რიგგარეშე სესიებთან დაკავშირებით ვერ მიიღებენ. მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკას ჯობდა ოპოზიციისთვის კომიტეტებში ერთობლივ მოწოდებაზე ესაუბრა.
"რიგგარეშე სხდომის ნაწილში კრიტიკას ვერ მივღებთ იმდენად, რომ ჩვენი მუშაობა არ შეწყვეტილა. იმაზე საუბარს, რომ ჩვენ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით, როგორც ეს ზოგიერთ როყიო განცხადებებში მოვისმინეთ, სამწუხაროდ, პრეზიდენტიც შეუერთდა... იგი შეცდომაშია შეყვანილი, სრული ინფორმაცია არ ჰქონდა იმის თაობაზე, რომ კომიტეტები აგრძელებენ მუშაობას. ჯობდა, ერთი განცხადება გაეკეთებინა ან ორი ან მეტიც, რომ იმ კომიტეტებში ერთად მუშაობაა საჭირო, რომელიც მიმდინარეობს", - თქვა გია ვოლსკიმ.
გუშინ, 21 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე ისაურა, არ გამრთულიყო რიგგარეშე სესია.
"ოპოზიციის ნაწილი, რაც „ქართულ ოცნებას“ რატომღაც ავიწყდება, მონაწილეობს სამუშაო ჯგუფებში, რომელიც შეიქმნა. მეორე მხარის შემხვედრი ნაბიჯი იქნებოდა რიგგარეშე სესიაზე დათანხმება და ეს იქნებოდა ძალიან კარგი ჟესტი, ვიდრე ევროპარლამენტარები ჩამოვიდოდნენ...
მე არ ვფიქრობდი, რომ „ოცნება“ დათანხმდებოდა სესიაზე და არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია შევა ამ სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ ერთი ნაწილი უკვე შესულია და სხვა პარტიებისგან მესმის, რომ რაღაცებს ელოდებიან და შეიძლება, შევიდნენ. ჯერ არაა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ არ გავიმეოროთ შარლ მიშელის ვითარება, როცა ყველა მზად იყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოდის, ყველაფერი უნდა გადავაგდოთო. დავიწყოთ მუშაობა, ვინც მზად არის დეპოლარიზაციისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
13 ივლისს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ და ექვსმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოსაწვევად მიმართეს. მათ მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა, ევროკავშირმა და ევროკომისიამ დააკისრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად და პრეზიდენტს მიმართავენ, პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვიოს 2022 წლის 18 ივლისიდან. პრეზიდენტმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მათი მოსაზრებით, რიგგარეშე სესიაზე ის საკითხები უნდა დასმულიყო, რომლებიც წევრობის კანდიდატობის სტატუსისთვის ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფდა.
დაწერეთ კომენტარი