Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევაზე: დასვენება გამართლებული არაა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მაშინ, როცა ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციები აქვს შესასრულებელი, დასვენების დრო არ არის. ამის შესახებ მან თავის საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, პარლამენტში რიგგარეშე სესიის ჩანიშვნას ეხებოდა.

"მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ მიმაჩნია დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ის უნდა შევასრულოთ. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამიტომ მიმაჩნია, რომ სესია არის გამართლებული, გამართლებული არ არის ახლა შესვენება. კომიტეტები და კომისიებია ასევე გამართლებული და მე მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და უმრავლესობასაც, მონაწილეობა მიიღონ ყველაფერში. ჩვენ უნდა ყველა ძალისხმევა მოვიხმაროთ იმისთვის, რომ რა კანონებიც არის მისაღები, მივიღოთ დროულად. ყველა ის საკითხები და პირველ რიგში, დეპოლარიზების საკითხი ერთად ყოფნით და დიალოგით, პარლამენტში ყოფნით გადაწყვეტილი იყოს", - თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის კომენტარსაც, რომელშიც დეპუტატმა თქვა, რომ "თუ [პრეზიდენტი] ოპოზიციის ზეწოლასა და ბულინგს გაითვალისწინებს და რიგგარეშე სესიას მოიწვევს, კარგი არ იქნება".

"მინდა ისიც იყოს ნათელი, რომ არცერთი ბულინგისა და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს და მე მგონი, ეს ყველამ კარგად იცის. მადლობა ზრუნვისთვის", - უპასუხა ზურაბიშვილმა ვოლსკის.

13 ივლისს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ და ექვსმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოსაწვევად მიმართეს. მათ მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა, ევროკავშირმა და ევროკომისიამ დააკისრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად და პრეზიდენტს მიმართავენ, პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვიოს 2022 წლის 18 ივლისიდან.

მათი მოსაზრებით, რიგგარეშე სესიაზე ის საკითხები უნდა დაისვას, რომლებიც წევრობის კანდიდატობის სტატუსისთვის ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის 13 ივლისის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს, არანაირი დღის წესრიგი არ აქვს და რაზეც ისინი საუბრობენ, არის რადიკალიზაციის სურვილი.

„მათ ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ იყვნენ იმ სამუშაო პროცესის მონაწილე, რომელიც ახლა მიმდინარეობს ყოველდღიურად, არ აქვთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG