Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული სარდლობის ცნობით, ხერსონის ოლქში გაანადგურეს რუსეთის ეროვნული გვარდიის პოზიციები


ფოტო არქივიდან: ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ფაგოტი“.
ფოტო არქივიდან: ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ფაგოტი“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის გაერთიანებული სარდლობის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში გაანადგურეს რუსეთის ეროვნული გვარდიის 785-ე სპეცდანიშნულების რაზმის სამეთაურო-სამეთვალყურეო პუნქტი, საბრძოლო საშუალებების ორი საწყობი და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ფაგოტი“.

სარდლობის ცნობით, განადგურებულია 66 რუსი სამხედრო, 5 ტანკი, 2 თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკა“ და 12 ერთეული საავტომობილო და ჯავშანტექნიკა. სამხრეთის სარდლობის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 5 საავიაციო დარტყმა განახორციელეს ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში და ქალაქ ხერსონის რაიონში.

სამხრეთის გაერთიანებულმა სარდლობამ წუხელ გაავრცელა ვიდეოც, რომელიც მისი ინფორმაციით, ასახავს 24 ივლისს, ხერსონის ოლქის სოფელ ზელენოტროპინსკის რაიონში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-300-ის განადგურებას.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ISW-ი ყურადღებას ამახვილებს, რომ უკრაინის ოფიციალური პირები საჯაროდ სულ უფრო ხშირად საუბრობენ ხერსონის ოლქში შემტევი ოპერაციების შესახებ.

ცენტრის ექსპერტები სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ცნობების საფუძველზე აღნიშნავენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირიდან ქალაქ ხერსონისკენ მიმავალი სამივე ხიდის დაზიანება.

რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონის ოლქს მარტიდან აკონტროლებენ. მათ პოზიციებზე კონტრშეტევა უკრაინის არმიამ რამდენიმე კვირაა დაიწყო, რასაც წინ უძღოდა ამერიკული სარაკეტო სისტემების მიღება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევების შედეგებზე არაფერს იუწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG