დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში უშედეგო ბრძოლა გრძელდება როგორც დონბასის, ისე ხერსონის მიმართულებებით. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით დღეს, 25 ივლისს წერს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების სარდლობა ისევ დილემის წინაშეა - უზრუნველყოს შეტევა აღმოსავლეთით, თუ თავდაცვა გააძლიეროს დასავლეთით. დონბასში მობილიზების, ან სამხრეთ-დასავლეთით, ხერსონში უკრაინის არმიის კონტრშეტევისგან დაცვის დილემაზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 19 ივლისსაც იუწყებოდა.
დღევანდელ შეტყობინებაში ბრიტანული დაზვერვა ყურადღებას ამახვილებს რუსეთის არმიის კიდევ ერთ პრობლემაზე - დაზიანებულ სამხედრო ტექნიკაზე. 18 ივლისს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დაზვერვამ აღმოაჩინა საბრძოლო ტექნიკის სარემონტო ბაზა, სადაც განთავსებული იყო სულ მცირე 300 დაზიანებული ტანკი, ჯავშანმანქანა და სატვირთო ავტომანქანა. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, უკვე დოკუმენტურად დადასტურებულ საკადრო პრობლემებთან ერთად, რუსეთს უწევს ბრძოლა დაზიანებული საბრძოლო ტექნიკის გატანისა და რემონტისთვის.
უკრაინის არმიამ რამდენიმე კვირაა დაიწყო კონტრშეტევა ხერსონის ოლქში, რომელსაც რუსეთის სამხედრო ძალები მარტიდან აკონტროლებენ. კონტრშეტევას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების, HIMARS-ის გადაცემა.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ISW-ი ყურადღებას ამახვილებს, რომ უკრაინის ოფიციალური პირები საჯაროდ სულ უფრო ხშირად საუბრობენ ხერსონის ოლქში შემტევი ოპერაციების შესახებ. ცენტრის ექსპერტები სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ცნობების საფუძველზე აღნიშნავენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირიდან ქალაქ ხერსონისკენ მიმავალი სამივე ხიდის დაზიანება.
დაწერეთ კომენტარი