Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაზპრომი" აცხადებს, რომ Nord Stream-1-ის კიდევ ერთ ტურბინას გამორთავს


"გაზპრომმა" განაცხადა, რომ 27 ივლისიდან მუშაობას შეწყვეტს Nord Stream-1-ის გაზსადენის კიდევ ერთი ტურბინა, რითაც 20%-მდე შემცირდება სატუმბი მოცულობის დაგეგმილი სიმძლავრე.

კორპორაციის თანახმად, "პორტოვაიას" კომპრესორის სადგურზე გაზის ტურბინის ძრავა მოითხოვს დაგეგმილ კაპიტალურ შეკეთებას და მოვლას. ამ ცვლილების გათვალისწინებით ოთხშაბათიდან Nord Stream-1-ის ყოველდღიური სიმძლავრე დღეში არაუმეტეს 33 მილიონი კუბური მეტრი გაზი იქნება.

Nord Stream - 1 არის მაგისტრალური გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც რუსული გაზი გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში შედის. მისი დაგეგმილი მოცულობა დღეში 167 მილიონი კუბური მეტრია. ივნისიდან "გაზპრომმა" დაიწყო გაზის სატუმბი მოცულობის შემცირება და ეს ახსნა ტურბინების შეკეთების აუცილებლობით, რაც რთულდება რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გამო.

"გაზპრომის" ტურბინებს აწარმოებს გერმანული კომპანია Siemens-ი, რომლის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება კანადაში. სანქციებს ორივე ქვეყანა შეუერთდა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი აზრით, ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შემცირების მიზეზი არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკურია და რუსეთი ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ "გაზის ომში" დაადანაშაულეს. მოსკოვი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
რუსეთის ექსპორტი ევროკავშირის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის დაახლოებით 40% - ს შეადგენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG