Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში დაიღუპნენ პეტერბურგის ციხის პატიმრები


ფოტოილუსტრაცია: რუსეთის ჯარისკაცის უნიფორმა, ნაპოვნია კიევის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში. 1 აპრილი, 2022 წ.
ფოტოილუსტრაცია: რუსეთის ჯარისკაცის უნიფორმა, ნაპოვნია კიევის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში. 1 აპრილი, 2022 წ.

პეტერბურგის შრომა-გასწორებითი კოლონიის, "იაბლონევკის" სულ მცირე სამი პატიმარი დაიღუპა უკრაინის ომში, კიდევ ორი დაიჭრა და ლუგანსკის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. არის ცნობები, რომ მანამდე ეს მსჯავრდებულები გადაიბირა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა". ამ ინფორმაციას ტელეგრამით ავრცელებს გამოცემა "Важные истории", წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციაში გადაბირებული პატიმრების ნამდვილი სახელები არ არის აღრიცხული, იქ ისინი ფსევდონიმებით არიან მოხსენიებული.

"თუკი დაჭრილები საავადმყოფოში თავიანთი ნამდვილი სახელებით არ არიან რეგისტრირებული, სავარაუდოდ, დაღუპულებსაც ფსევდონიმებით დაკრძალავენ. ჩნდება კითხვა, როგორ მიიღებენ თანხებს გარდაცვლილთა ნათესავები. რადგან თუ, მაგალითად, ივან ივანოვთან ნათესავური კავშირის დამტკიცება შესაძლებელია, როგორ უნდა გააკეთო ეს რომელიმე 'ადუვანჩიკთან' მიმართებით? დიდი ალბათობით, ადამიანის დაღუპვისთვის გათვალისწინებულ თანხას ნათესავები ვერ მიიღებენ" - უთხრა გამოცემას ადვოკატმა ლეონიდ კრიკუნმა.

გამოცემა "Важные истории" ივლისის დასაწყისში იუწყებოდა, რომ "ვაგნერმა" პეტერბურგის ციხეებიდან დაიწყო მსჯავრდებულთა გადაბირება. გამოცემის თანხმად, 6 ივლისის ღამეს "იაბლონევკის" ციხიდან 40-მდე პატიმარი გაგზავნეს როსტოვის ოლქში, შემდეგ იქიდან მოხალისეთა რანგში უკრაინაში გადასაყვანად. კიდევ 11 პატიმარი, ამბობს გამოცემა, "ობუხოვოს" ციხიდან იქნა წაყვანილი. არის ცნობები, რომ ნახევარწლიანი სამსახურისთვის მსჯავრდებულებს დაპირდნენ ამნისტიას და ხელფასს 200 ათასი რუბლის (3400 ამერიკული დოლარი) ოდენობით. მათი დაღუპვის შემთხვევაში, ოჯახებმა უნდა მიიღონ კომპენსაცია 5 მილიონი რუბლის (85 500 ამერიკული დოლარი) ოდენობით.

რუსეთის შესაბამისი უწყებები უარყოფენ პეტერბურგის კოლონიებიდან მსჯავრდებულთა მობილიზაციას უკრაინაში გასაგზავნად და გავრცელებულ ცნობებს "ფანტაზიას" უწოდებენ.

XS
SM
MD
LG