Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა უსინათლოთა კავშირიდან თანამშრომლების გათავისუფლებაში კანონდარღვევა დაინახა


ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის ა(ა)იპ კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ხელმძღვანელობამ სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით გაათავისუფლა. 13 თანამშრომლის გათავისუფლების საკითხი ომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა.

დოკუმენტების შესწავლის დროს გაირკვა, რომ დირექტორმა 2022 წლის 14 თებერვალს დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებები გამოსცა, რომლის თანახმად, განმცხადებლები დაკავებული პოზიციებიდან 2022 წლის 1 თებერვლიდან (წინა თარიღით) გათავისუფლდნენ. ამას წინ უსწრებდა 8 თებერვალს 11 თანამშრომლების წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობის - გაფრთხილების გამოყენება.

"დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველს ამ შემთხვევაშიც არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა წარმოადგენდა", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის აპარატი თანამშრომლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის იანვარი/თებერვლის პერიოდში ცენტრის ყოფილი დირექტორის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, სამსახურში ცხადდებოდნენ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, პანდემიის გათვალისწინებით, რომ არ მომხდარიყო დახურულ სივრცეში რამდენიმე პირის თავშეყრა:

"საქმეში არსებული დოკუმენტით დასტურდება ერთ-ერთი თანამშრომლის დაინფიცირების შემთხვევა, რომლის სავარაუდო კონტაქტებს წარმოადგენდნენ განმცხადებლები. ახალ დირექტორს კი სამსახურში გამოცხადების წესის ცვლილების შესახებ მათთვის არ უცნობებია".

ომბუდსმენის აპარატს ამ საკითხის შესწავლა უჩენს ეჭვს, რომ დამსაქმებელმა წინასწარ გათვალა, როგორ შეძლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. აქვე მითითებულია ის გარემოება, რომ გათავისუფლებულ თანამშრომელთა უმრავლესობა უსინათლო ან მცირემხედველია.

"ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების დასაქმების არეალი უკიდურესად მწირია. ამასთან, ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის მნიშვნელოვან მიზანს უსინათლო მოქალაქეთა შრომით, სამართლებრივ და სოციალურ დაცვას წარმოადგენს, რაც უსინათლოთა დასაქმების ხელშეწყობაში უნდა გამოიხატებოდეს", - აღნიშნავს სახალხო დამცველი და მოუწოდებს დამსაქმებელს გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინოს.

უსინათლოთა კავშირის იმ სამმა წევრმა, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს შიმშილობა 29 ივნისს დაიწყეს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის სამდივნოში. გიორგი ენუქიძე, ლელა ვეფხვაძე და ცირა ვეფხვაძე სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების აღდგენას მოითხოვდნენ. ლელა და ცირა ვეფხვაძეებმა შიმშილობა 26 ივლისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვიტეს, გიორგი ენუქიძემ კი 15 ივლისს - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ესმა გუმბერიძემ უთხრა, ამავე კავშირის წევრმა.

პროტესტის უკიდურეს ფორმას გიორგიმ, ლელამ და ცირამ მას შემდეგ მიმართეს, რაც 29 ივნისს ჩაიშალა უსინათლოთა კავშირში დანიშნული ყრილობა, სადაც კავშირის წევრები ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG