Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე - რუსეთის ადგილს გერმანია დაიკავებს


ფოტო არქივიდან: რუსეთის რაგბის ნაკრების წევრი ვასილი არტემიევი. 9 ოქტომბერი, 2019 წ.

რაგბი ევროპამ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომავალი წლიდან, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ექვსის ნაცვლად რვა ქვეყნის ნაკრები ითამაშებს. ევროპის რაგბის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრებს და ბორჯღალოსანთათვის კარგად ნაცნობ მეტოქეებს - რუმინეთს, პორტუგალიას, ესპანეთსა და ნიდერლანდებს, მომავალი სეზონიდან შეუერთდებიან ბელგია, პოლონეთი და გერმანია. ეს გუნდები აქამდე ერთი ლიგით დაბლა - რაგბი ევროპის ტროფეიზე გამოდიოდნენ. ბოლო სეზონში ბელგია ჩემპიონი გახდა, ხოლო პოლონეთმა და გერმანიამ მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

გერმანელები შეჯიბრებაზე რუსეთის ნაკრებს ჩაანაცვლებენ, რომელიც დისკვალიფიცირებულია და ეს სასჯელი 2023 წელსაც ძალაში დარჩება.

განახლებული ტურნირი წინასწარი ინფორმაციით, შვიდ ტურად გაიმართება და ჩემპიონი ყველა თამაშის შედეგის გათვალისწინებით გამოვლინდება.

ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უკვე დიდი ხანია, უპირობო ფავორიტები არიან. სწორედ მათი ტრიუმფით დასრულდა ბოლო ხუთი სეზონი. ბოლო თხუთმეტი გათამაშებიდან კი საქართველოს ნაკრებმა ცამეტში გაიმარჯვა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG