„ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის შესახებ ილაპარაკა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. როგორც ის ამბობს, მინისტრებს ივანიშვილთან შეხვედრა პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგ არ ჰქონიათ. გარდა ამისა, ვიცე-პრემიერმა ილაპარაკა ივანიშვილსა და საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ.
„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდს დაუტოვა ის საქმეები, რასაც მანამდე თვითონ ხელმძღვანელობდა, მინისტრები, მათ შორის, მეც, არათუ სამი საათით, სამი წუთითაც არ შევხვედრივართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი გავიდა პოლიტიკური პროცესიდან, არაერთი ოპონენტი და პარტნიორი გამომცდელ კითხვას გვისვამს, „როდის ნახეთ ივანიშვილი ბოლოს?" ჩემთვისაც დაუსვამთ ეს კითხვა. უცნაურია, როდესაც ასეთ შეკითხვას უსვამ მინისტრს და ამ დროს შენ თვითონ ითხოვ შეხვედრას იმავე პირთან", - შენიშნა წულუკიანმა.
ვიცე-პრემიერმა აქცენტი გააკეთა ივანიშვილსა და დეგნანს შორის გამართული შეხვედრის შინაარსზე. „როდესაც შეხვედრას ითხოვ და ეს წერია ამ წერილში, შენ გაქვს განსახილველი რაღაც საკითხი, რა იყო ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მონაწილეებმა თუ ჩათვლიან საჭიროდ, უნდა უთხრან საზოგადოებას“, - თქვა მან.
მინისტრი მიესალმება იმას, რომ, წერილის თანახმად, ივანიშვილი თავად აპირებს საკუთარ პრობლემებზე ზრუნვას.
„ეს წერილი, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რასაკვირველია, ჩვენ როდესაც ტელევიზიით ვიგებთ შვეიცარიული ბანკის ამბავს, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რომ სასამართლო დავაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სიმართლე დოკუმენტურად მტკიცდება და ეს სიმართლე მარტო სიმართლედ კი არ რჩება, არამედ სასამართლო წესით მყარდება. ამას მივესალმებით და გვიხარია, მაგრამ როდესაც თავად ივანიშვილი ამბობს, რომ „ეს მაინც ჩემი პირადი პრობლემებია და ამაზე მე თვითონ ვიზრუნებ და თქვენ თავს არ მოგახვევთ" - ეს გარკვეულწილად ჩვენ გვძენს უფრო მეტ სიმშვიდეს. პრობლემები ფაქტია, მაგრამ თავად ის, ვისაც ეს პრობლემები ეხება, ცდილობს, მორიგჯერ გაარიდოს ეს პრობლემები საკუთარ ქვეყანას", - თქვა თეა წულუკიანმა.
27 ივლისს გავრცელებული წერით ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, 21 მარტს, აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
ამ საკითხზე საუბრის დროს ელჩმა დეგნანმა 21 ივლისს თქვა, რომ ივანიშვილთან შეხვედრა "საკმაოდ დიდი ხნის წინ" ჰქონდა.