რამ გამოიწვია გამწვავება კოსოვო-სერბეთის საზღვარზე და როგორ რეაგირებს მასზე რუსეთი?
სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე, კვირა ღამით ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საზღვართან ორივე მხარემ სამხედრო ძალებს მოუყარა თავი.
ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა გზები გადაკეტეს სერბეთთან ორ მთავარ სასაზღვრო გადასასვლელთან, სერბეთის სანომრე ნიშნებსა და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული, კოსოვოს მთავრობის მიერ შემოღებული ორი წესის გამო:
- კოსოვოს მთავრობამ განაცხადა, რომ სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს და რომელიც სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.
- ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 ომის შემდეგ სერბეთის ინსტიტუციების მიერ იყო გაცემული. ახლა კოსოვო ამ სანომრე ნიშნების შეცვლას მოითხოვს.
რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს, რეგიონში ვითარების განზრახ გამწვავებაში სწორედ პრიშტინა დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დაძაბულობის ესკალაცია, რომლის უკანაც „აშშ და ევროკავშირი დგანან“, კოსოვოს ხელისუფლების მიერ დაწესებული „გაუმართლებელი დისკრიმინაციული წესების“ შედეგია.
კოსოვოში ნატოს ხელმძღვანელობით მყოფი საერთაშორისო ძალების სარდლობამ მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერიოს სასაზღვრო კონფლიქტში, თუ კოსოვოს ჩრდილოეთში სტაბილურობას საფრთხე შეექმნება.
დაფინანსებული დისკრედიტაციის კამპანია ელჩ დეგნანის წინააღმდეგ
MDF-ის პროექტის, „მითების დეტექტორის“ ახალი კვლევის თანახმად, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე ფეისბუკში მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს ხელისუფლების მიერ მართული და ანტიდასავლური და კრემლისტური ანგარიშები ავრცელებენ.
მედიამკვლევრებმა რამდენიმე დასპონსორებული კამპანია გამოავლინეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანონიმური ჯგუფების მიერ.
„მითების დეტექტორის“ თანახმად, აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ კამპანია აგორდა სასამართლოს საქმიანობაში ჩაურევლობასთან დაკავშირებული მისი განცხადების შემდეგ:
- 2022 წლის 15 ივლისს, ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ანგარიშებმა ("მეხუთე კოლონა/5 kolona" და "ტერენტი გლდანელი") იდენტური შინაარსის ქარდები, ერთდროულად გამოაქვეყნეს. ფოტომონტაჟი ასახავს თემიდას ქანდაკებას კელი დეგნანის სახით. ეს ქარდები გამოქვეყნდა მსგავსი შინაარსის წარწერებით - “თვით სამართალი”… “თვითონ არის სამართალი!”.
- იმავე დღეს, ზუსტად 10 წუთში, ერთ-ერთი ეს პოსტი ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა ფეისბუკგვერდმა ("სექტა") გააზიარა. პოსტს ახლავს კიდევ ერთი წარწერა - „ყველაფერი ნათქვამია!!!“
სტამბოლისკენ მიმავალ უკრაინული მარცვლეულის ხომალდს "მსოფლიოსთვის შვება მოაქვს"
1 აგვისტოს ოდესის პორტი დატოვა პირველმა სატვირთო გემმა, რომელიც მარცვლეულის მოსავლით თურქეთისკენ მიემართება. გემი დღეს ჩავა დანიშნულების ადგილზე.
უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს, სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთსა და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიესალმა მარცვლეულით დატვირთული პირველი ხომალდის გაშვებას და ამას უწოდა "შვება მსოფლიოსთვის".
გლობალური დაძაბულობის ფონზე, გაეროს ხელმძღვანელი გამოდის გაფრთხილებით ატომური განადგურების თაობაზე
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მსოფლიოს მოუწოდა, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე. მისი თქმით, მზარდი დაძაბულობის ფონზე კაცობრიობას "მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს ატომური განადგურებისგან".
ეს განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა 1 აგვისტოს, ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, მსოფლიოს „გაუმართლა“, მაგრამ გამართლება სტრატეგია არ არის და ის „ვერ დაგვიცავს ვერც გეოპოლიტიკური დაძაბულობის ბირთვულ კონფლიქტში გადაზრდისგან“.
ხელშეკრულების მიზანია აღიკვეთოს ატომური იარაღის და მათი ტექნოლოგიების გავრცელება. ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ერთადერთ სავალდებულო პირობას მრავალმხრივი შეთანხმებისა, რომელიც მიემართება ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოთა განიარაღებას.
ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი "ყველაზე ცუდისთვის" უნდა მოემზადოს რუსეთის გაზთან დაკავშირებით
ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროპა "ყველაზე ცუდი სიტუაციისთვის" უნდა მოემზადოს რუსეთის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით.
"იმის გამო, რომ რუსეთმა უკვე სრულად ან ნაწილობრივ გადაუკეტა გაზის მიწოდება 12 წევრ ქვეყანას, ყველა ჩვენგანი ყველაზე ცუდი სიტუაციისთვის უნდა მოემზადოს" - უთხრა ფონ დერ ლაიენმა ესპანურენოვან გამოცემა Mundo-ს.
რუსეთმა გაზის მიწოდება შეუჩერა ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას, მათი უარის გამო, საფასური რუბლებში გადაეხადათ - მოთხოვნის, რომელიც, ევროპის ქვეყნების აზრით, უკავშირდება კრემლის ძალისხმევას შეამსუბუქოს რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები.
როცა იგებენ, რომ უკრაინიდან ვართ, ყურმილს კიდებენ - ორი კვირა ბინის ძებნაში
პირველ აგვისტოს უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობამ სასტუმროები დატოვა. სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მათ ცხოვრების ხარჯებს უნაზღაურებდა, 31 ივლისს შეწყდა. ზოგმა ბინა ბოლო მომენტში იპოვა, ზოგიერთს თბილისიდან სხვა ქალაქში მოუწია წასვლა.
ლტოლვილების ძალიან მცირე ნაწილი, ვისაც წასასვლელი არსად ჰქონდა, სასტუმროებმა კიდევ ცოტა ხნით შეიფარეს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ, ვინც თავი საქართველოს შეაფარა, ბევრი სირთულე შეხვდათ: ბინების მფლობელებმა ზოგს ნახევარწლიანი კონტრაქტის დადება მოსთხოვეს, ზოგს საერთოდ უარი უთხრეს, როცა გაიგეს, რომ უკრაინელი ლტოლვილები იყვნენ; ბევრ ახალჩამოსულს ისევ ვერ გადაუწყვეტია, რაში დახარჯოს ის მცირე დანაზოგი, რაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოიყოლა. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა გამოსავალი, რასაც ლტოლვილები პოულობენ, დროებითია.
ვლადიმირი, ოქსანა და ხუთი წლის დაშა უკვე “ჩაბარგდნენ”, მაგრამ სასტუმროდან გასვლას არ ჩქარობენ, 12 საათის შესრულებას, “ჩეკაუტს” ელოდებიან. მართალია, უთხრეს, თუ გინდათ საღამომდე დაიცადეთო, მაგრამ გადაწყვიტეს, დროებით რომელიმე სასტუმროში გადავიდნენ და ბინის ძებნა გააგრძელონ. ვლადიმირი, ოქსანა და დაშა საქართველოში 19 ივლისს შემოვიდნენ და მოხვდნენ პროგრამაში, რომელიც 10 დღით სასტუმროს ხარჯებს უნაზღაურებს. ამ პერიოდის განმავლობაში ლტოლვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოს, ოჯახზე 300-ლარიანი და ერთ სულზე 45-ლარიანი დახმარებისთვის. ახლა მთელი ეს დახმარება სასტუმროზე უნდა დახარჯონ - ვლადიმირის გათვლებით, თუ ამ დახმარებას იმ დანაზოგს დაამატებენ, რაც დარჩათ, სასტუმროში ერთი კვირით ცხოვრებას შეძლებენ, თუ ამასობაში ბინა ვერ ნახეს, ქუჩაში რჩებიან.
რას აპირებენ ომს გამოქცეული უკრაინელები? წაიკითხე ვრცლად თამუნა ჩქარეულის სტატიაში.
30 ივნისს ყოფილმა პატიმარმა გლებ ტიმოფეევმა უპრეცედენტო სასამართლო პროცესი მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ციხემ დაარღვია მისი უფლებები, როდესაც მას პატიმრობაში ვეგანური კვების გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა. რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება სხვა პატიმრებისთვის - რადიო თავისუფლებას ამ კითხვებზე თავად გლებ ტიმოფეევი უპასუხებს.
დაწერეთ კომენტარი