უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი ხომალდი ოდესის პორტიდან 1 აგვისტოს დაიძრა სტამბოლისკენ, რითიც გაჩნდა მოზომილი იმედი, რომ შესაძლებელი იქნება მოახლოებული საკვების კრიზისის თავიდან არიდება.
უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს, სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ოლექსანდრ კუბრაკოვის თქმით, სატვირთო გემმა, რომელსაც "რაზონი" ჰქვია და რომელიც სიერა ლეონეს დროშით ცურავს, ოდესა 1 აგვისტოს, დილით დატოვა, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ხომალდს სტამბოლში 2 აგვისტოს ელოდებიან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმტრო კულება მიესალმა მარცვლეულით დატვირთული პირველი ხომალდის გაშვებას და ამას უწოდა "შვება მსოფლიოსთვის".
"შვების დღეა მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით ჩვენი მეგობრებისთვის ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და აფრიკაში - უკრანული მარცვლეული პირველად ტოვებს ოდესას, რუსეთის მხრიდან თვეების განმავლობაში გაგრძელებული ბლოკადის შემდეგ. უკრაინა ყოველთვის სანდო პარტნიორი იყო და ასეთადაც დარჩება, თუკი რუსეთი დაიცავს შეთანხმების მის ნაწილს" - წერს კულება ტვიტერით.
დაწერეთ კომენტარი