ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომისიამ მიიღო განცხადების პროექტი, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებს.
დოკუმენტში ნახსენებია რუსეთის მხარდაჭერა სეპარატისტების მიმართ აღმოსავლეთ უკრაინაში, თავდასხმა მარიუპოლის თეატრზე, სარაკეტო იერიშები ოდესის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ შენობასა და კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე.
ოდესაზე თავდასხმით, განცხადების თანახმად, " რუსეთი აჩვენებს თავისი ვალდებულებების, საერთაშორისო წესრიგისა და მისი ინსტიტუტების უგულებელყოფას და ასევე შეგნებულად აღრმავებს გლობალურ სასურსათო კრიზისს, რაც შიმშილს და ტანჯვას გამოიწვევს მთელ მსოფლიოში."
დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ "რუსული ძალები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აკრძალულ კასეტურ ბომბებს უკრაინაში შიშის დასათესად და მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩევლად დასახოცად იყენებენ."
ლატვიელი დეპუტატები უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაზრდას, რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაგმობისა და პასუხისმგებელი პირების მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების ინიციატივების მხარდაჭერას და სამხედრო აგრესიის მხარდამჭერად ბელარუსის წინააღმდეგ ეკვივალენტური სანქციების დაწესებას ითხოვენ. გარდა ამისა, დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირს შეზღუდოს ვიზების გაცემა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებზე.
გამოცემა "დელფის" ცნობით, კომისია მომავალ სხდომაზე სეიმს ამ დოკუმენტის განცხადების სახით მიღებას შესთავაზებს.
დაწერეთ კომენტარი