აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღების სარატიფიკაციო დოკუმენტი. შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სენატორმა. წინააღმდეგი იყო ერთი - რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოული. სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის მიწვევით, 3 აგვისტოს, კენჭისყრას დაესწრნენ ფინეთის და შვედეთის ელჩები. სარატიფიკაციო დოკუმენტს, რომელსაც მანამდე მხარი დაუჭირა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც, ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.
სენატორმა შუმერმა რეზოლუციის ორპარტიულ მხარდაჭერას უწოდა სიგნალი რუსეთისთვის, რომ ის ვერ შეძლებს აშშ-ის და ევროპის დაშინებას. სენატის უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პუტინმა სცადა უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოეყენებინა დასავლეთის გასახლეჩად, მაგრამ ამერიკა-ევროპის კავშირი დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.
შვედეთმა და ფინეთმა ნატოში შესვლა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ მიღებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ შვედეთი და ფინეთი მფარველობენ „ტერორისტებს“, რომლებსაც ანკარა ებრძვის. 28 ივნისს, მადრიდში, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტის ფარგლებში, სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, უნდა შეიქმნას ერთობლივი მექანიზმი ტერორიზმთან საბრძოლველად თანამშრომლობის განმტკიცებისთვის, შვედეთი და ფინეთი კი გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს შიდა კანონმდებლობის გასამკაცრებლად. მემორანდუმის ხელმოწერიდან მეორე დღეს, 29 ივნისს, ნატოს ლიდერებმა შვედეთი და ფინეთი ორგანიზაციაში ოფიციალურად მიიწვიეს.
ნატოს წევრებად შვედეთის და ფინეთის მიღების ოქმები 5 ივლისს გაფორმდა, რის შემდეგაც ოქმების რატიფიცირების პროცედურა დაიწყეს ალიანსის წევრი 30 სახელმწიფოს პარლამენტებმა. ივლისის ბოლოს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ განაცხადა, რომ ოქმების რატიფიცირება უკვე დაასრულა 20-მა ქვეყანამ.