Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისია უარყოფს რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ გაზის ტურბინის შეფერხება სანქციების გამო ხდება


ევროკომისია აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ არ წარმოადგენს დაბრკოლებას გერმანიიდან რუსეთში გაზის ტურბინის მიწოდებისთვის.

რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა, "გაზპრომმა", 27 ივლისიდან სიმძლავრის ერთ მეხუთედამდე შეამცირა გაზის მიწოდება "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის მილსადენით გერმანიაში და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, რადგან მას არ მიუღია ტურბინა მას შემდეგ, რაც ის ტექნიკური მომსახურებისთვის გააგზავნეს. "გაზპრომი" აცხადებს, რომ სანქციები შეუძლებელს ხდის Siemens-ის ძრავის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკადის" საკომპრესორო სადგურ "პორტოვაიაზე".

თუმცა, გერმანიამაც და ევროპის კავშირმაც განაცხადეს, რომ არ არსებობდა ტექნიკური გამართლება გაზის ნაკადის შემცირებისთვის და რომ რუსეთის ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებულია და დაკავშირებულია ევროპის კავშირის სანქციებთან მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო. "სანქციებში არაფერია ისეთი, რაც კრძალავს იქ ტურბინის მიწოდებას, რომელიც Siemens-ის ტურბინაა და ამჟამად რუსეთისთვის განკუთვნილი", განაცხადა 5 აგვისტოს ერიკ მამერმა, ევროპის კომისიის მთავარმა წარმომადგენელმა.

ზოგიერთი ოფიციალური პირი ევროპის კავშირში რუსეთს ენერგომომარაგების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტურბინების ტექნიკური მომსახურების მომიზეზება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იგონებს მოსკოვი სხვადასხვა საბაბს და ცდილობს გატეხოს ბლოკის ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ მის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მეექვსე თვეა, რაც გრძელდება. ივნისის შემდეგ რუსეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა გაზის მიწოდება "ჩრდილოეთის ნაკადი 1" მილსადენით. "გაზპრომმა" ეს იმით გაამართლა, რომ ტურბინა კანადაში იყო გაგზავნილი შესაკეთებლად. Siemens Energy -მ არაერთხელ უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ მან ვერ უზრუნველყო შესაბამისის დოკუმენტები ტურბინის გასაგზავნად.

XS
SM
MD
LG