ისრაელში საქართველოს საელჩო, მოსალოდნელი საფრთხის გამო, მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ მოქმედებს შეზღუდვები.
კერძოდ, დღეს, 6 აგვისტოს, 20:00 საათამდე:
- ღაზას სექტორთან 80 კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის:
- ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა - დახურულ სივრცეში;
- სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ იქნება;
- სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.
გარდა ამისა:
- უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.
- შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში;
- საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში - აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.
"გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები", - აღნიშნავენ საელჩოში და დასძენენ, რომ შეზღუდვების გახანგრძლივების შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით გავრცელდება.
5 აგვისტოს ისრაელის არმიამ ღაზის არმალის რაიონზე მიიტანა იერიში. როგორც ისრაელის სარდლობა იტყობინება, მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი მეთაური. მთლიანობაში, სროლების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 40-ზე მეტი ადამიანი.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებტის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მშვიდობიანი მცხოვრებლები, მათ შორის ბავშვიც.
"ისლამური ჯიჰადი" საპასუხოდ ისრაელს დაბომბვით ემუქრება.
დაწერეთ კომენტარი