Accessibility links

site logo site logo

რატომ არ დააკმაყოფილა უკრაინელი ლტოლვილი ბავშვების სარჩელი სასამართლომ?


8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ უარი უთხრა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტებსა და მათთან ერთად, 10 და 9 წლის უკრაინელ ლტოლვილ ძმებს, დროებითი განჩინების გამოცემაზე, რითაც სასამართლო დაავალებდა მთავრობას, რომ ბავშვები დაუყოვნებლივ უზრუნველეყო სრულფასოვანი საკვებით, საცხოვრებლით, ტანსაცმლითა და ფსიქოლოგის დახმარებით.

როგორც ბავშვების ინტერესების დამცველი უხსნის რადიო თავისუფლებას, სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ მასში არამართებულად იყო მითითებული მოპასუხე მხარე - ანუ, მთავრობა.

ხერსონის ოლქიდან გამოქცეულმა 9 წლის ვოლოდიმირმა და 10 წლის მიხაილომ (სახელები შეცვლილია), რამდენიმე დღის წინ საკუთარი ხელით შეავსეს მათზე მორგებული სარჩელის ფორმა და დახატეს ნახატებიც, რათა უფრო უკეთ აღეწერათ ის სურვილები და საჭიროებები, რაც მათ ომმა წაართვა. სარჩელის შევსებაში ძმებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტები და დედა დაეხმარათ.

10 წლის მიხაილოს ნახატი
10 წლის მიხაილოს ნახატი

პირველი აგვისტოდან, ანუ მას შემდეგ, რაც დასრულდა უკრაინიდან ლტოლვილი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, ვოლოდიმირი და მიხაილო, 34 წლის დედასთან ერთად მოძრაობა „დროას“ მიერ შეგროვილი შემოწირულობების დახმარებით, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გადავიდნენ საცხოვრებლად.

როგორც მოძრაობა „დროაში“ ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, პირველი აგვისტოდან მოყოლებული, რიგითი მოქალაქეებისა და ბიზნესმენების შემოწირულობებით, მათ 350-მდე უკრაინელი ლტოლვილის, მათ შორის, 90-მდე ბავშვის დაბინავება მოახერხეს სხვადასხვა სასტუმროში. თუმცა, კიდევ როდემდე შეძლებენ ისინი უკრაინელი ლტოლვილებისათვის თანხების მობილიზებას, ეს რთული სათქმელია.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ სასტუმროში მოინახულეს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტებმა მიხაილო და ვოლოდიმირი და აღმოაჩინეს, რომ მწირი ფინანსური სახსრების გამო ბავშვები ვერ იკვებებიან სრულფასოვნად, არ აქვთ ტანსაცმელი, სათამაშოები.

ვოლოდიმირისა და მიხაილოს დედამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტად დაიწყო მუშაობა, თუმცა, ხელფასი ჯერ არ აუღია.

დედა-შვილებთან გასაუბრების შემდეგ, იურისტებმა გადაწყვიტეს, მოემზადებინათ შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სახელზე, რათა მოსამართლეს დაევალდებულებინა მთავრობა, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო ისენი საკვებით, მედიკამენტებითა თუ სხვა აუცილებელი საჭიროებებით.

ანა თავხელიძე, ბავშვების ინტერესების დამცველი გვიყვება, როგორი მონდომებით ავსებდნენ ბიჭები მოსამართლისთვის წარსადგენ სასარჩელო ფორმას:

ანა თავხელიძე
ანა თავხელიძე

„ცხადია, ვიცით, რომ ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ ეს პატარა ძმები არ დგანან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა სასტუმროებშიც არიან ბავშვები მსგავსი საჭიროებებით, მათ შორის, არიან შშმ ბავშვებიც, თუმცა, დრო რომ არ დაგვეკარგა, გადავწყვიტეთ, მაშინვე მოგვემზადებინა შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ, რათა დაუყოვნებლივ მომხდარიყო ბავშვების სათანადო პირობებით უზრუნველყოფა. როდესაც ბავშვებს და მათ დედას ვესაუბრეთ, მივხვდით, რომ ბავშვები არასრულფასოვნად იკვებებიან, არ აქვთ ტანსაცმელი, სათამაშოები. მიუხედავად ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, მათთან ამ დრომდე არ უმუშავია ფსიქოლოგსაც. არადა, ბავშვები უშუალო შემსწრეები არიან საომარი მოქმედებების, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს სარდაფებს აფარებდნენ. საკუთარი ხელით დაგვიწერეს, რომ სურდათ საჭმელი, წამლები, ტანსაცმელი. დაგვიხატეს ნახატებიც, რომ უკეთ გამოეხატათ, რა აკლდათ და რა ენატრებოდათ“.

შუამდგომლობის შეტანიდან ხუთი დღის თავზე, 8 აგვისტოს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტებმა სასამართლოსგან პასუხი მიიღეს. მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მოსამართლემ ე.წ. ტექნიკურ-იურიდიული არგუმენტი მოიყვანა დროებითი განჩინების გამოცემაზე უარის სათქმელად. მოსამართლით აზრით, მოსარჩელეებს არამართებულად ჰქონდათ მითითებული მოპასუხე მხარე - ანუ, მთავრობა, რომელსაც იურისტები უკრაინელი ლტოლვილი ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებას სთხოვდნენ:

„როდესაც 3 აგვისტოს სასამართლოს მივმართეთ, მაშინ სასამართლომ დაგვიდგინა გარკვეული ხარვეზი, რომელიც ჩვენ იმ დღესვე შევასწორეთ, თუმცა, სასამართლოს მაშინ ჩვენთვის არ უცნობებია, რომ მოპასუხე მხარედ მთავრობის მითითებაც ხარვეზი იყო. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ეს არის ადმინისტრაციული პროცესი, აქ მხარეთა შეჯიბრებითობა არ მუშაობს, მოსამართლეს ყველაფერი შეუძლია გააკეთოს, ფაქტობრივად, მხარეც კი შეუძლია გახდეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება და ბავშვების არსებობისთვის მინიმალურ საჭიროებებს. ჩვენ ამ შუამდგომლობაში რამდენიმე მოთხოვნა გვქონდა, რომელიც ეხებოდა ჯანდაცვის სამინისტროს, დევნილთა სააგენტოს და ა.შ. ყველა ეს უწყება ექვემდებარება მთავრობას. სასამართლომ კი დაადგინა, რომ არა ზოგადად მთავრობისთვის, არამედ კონკრეტული უწყებებისთვის უნდა მიგვემართა საჭიროებებიდან გამომდინარე, ანუ ეს უწყებები უნდა დაგვესახელებინა ჩვენს შუამდგომლობაში. არადა, რა თქმა უნდა, ყველა ეს უწყება მთავრობას ექვემდებარება და მთავრობის შემადგენლობაშია. სასამართლომ ძალიან ტექნიკური მიზეზი მოიყვანა, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერანაირი გაგებით ვერ გადაწონის ბავშვის ინტერესებს. სამწუხაროდ, სასამართლომ ტექნიკურ-იურიდიული მიდგომების საფუძველზე მოძიებული არგუმენტებით, პირდაპირ დაარღვია როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობა. ჩვენ გვაქვს აღიარებული ფუნდამენტური პრინციპი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უპირატესობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. არ არსებობს სხვა ინტერესი, რომელიც ამ ინტერესს გადაწონის და მით უმეტეს, ამის გადამწონი ინტერესი ვერ იქნება ტექნიკური პასუხი - მთავრობა უნდა იყოს ამ ბავშვებისა და მათი დედის მოპასუხე თუ მთავრობას დაქვემდებარებული სხვა კონკრეტული უწყება“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვერც იმის აუცილებლობა დაინახა, რომ სხდომათა დარბაზში პირადად მოესმინა უკრაინელი ლტოლვილი ბავშვების მონათხრობი:

„ჩვენ ვითხოვდით, რომ მოსამართლეს ზეპირი მოსმენა ჩაენიშნა, ვითხოვდით, სხდომის გამართვას და თუ რაიმე კითხვები ჰქონდა, მათ შორის, მოპასუხე მხარესთან დაკავშირებით, ეს კითხვები სხდომაზე დაესვა, სადაც ასევე შეხვდებოდა ბავშვებს, დედას, მათგან მოისმენდა ინფორმაციას. ყველა კითხვაზე ვიმსჯელებდით და ამის შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას. თუმცა, მოსამართლემ უარი გვითხრა სხდომის დანიშვნაზე, უარი გვითხრა ბავშვების მოსმენაზე და ეს უარი გვითხრა არასათანადო მოპასუხის მითითების საბაბით“.

როგორც ანა თავხელიძე გვიხსნის, იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლე იურისტების შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა, ეს გადაწყვეტილება აისახებოდა არა მხოლოდ მიხაილოსა და ვოლოდიმირის ცხოვრებაზე, არამედ ყველა იმ უკრაინელი ლტოლვილი ბავშვის მდგომარეობაზე, ვისაც მსგავსი საჭიროებები აქვთ:

„როდესაც სასამართლო ორ ბავშვთან დაკავშირებით დაავალებდა მთავრობას, რომ შეეცვალა პოლიტიკა, რა თქმა უნდა, მთავრობა ყველა სხვა ბავშვზე გაავრცელებდა ამ სტანდარტს, რადგან იცის, რომ თუ არ გაავრცელებს, შემდეგ ისევ სასამართლოში მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა. ჩვენი პრაქტიკაც ამას აჩვენებს, რომ ასეთ დროს, მთავრობა ცვლის ხოლმე თავის მიდგომას. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ის შეეხებოდა ომის პერიოდში საქართველოში შემოსულ ყველა უკრაინელ ბავშვს, რომლებსაც იგივე მდგომარეობა და საჭიროებები აქვთ“.

ამ ეტაპზე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტები მსჯელობენ, როგორი იქნება მათი სამომავლო სტრატეგია. რაც დანამდვილებით იციან, არის ის, რომ მოსამართლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, რა ფორმით და როგორ, ამაზე უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდებიან.

რაც შეეხება მიხაილოს, ვოლოდიმირსა და მათ დედას, ახლა ისინი იმ 300-ლარიანი დახმარების მოლოდინში არიან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ლტოლვილებს დაჰპირდა. დაპირების თანახმად, გარდა ამ 300 ლარისა, ოჯახის თითოეულ წევრზე მათ 45-ლარიანი დახმარებაც უნდა ჩაერიცხოთ. ანა თავხელიძის ინფორმაციით, ოჯახს ამ დრომდე ეს დახმარება არ მიუღია.

გარდა 300-ლარიანი დახმარებისა, თბილისის მერიის განცხადებით, ლტოლვილთა გაერო-ს ფონდი აიღებს ვალდებულებას და 230-ლარიან დახმარებას გამოუყოფს უკრაინიდან ლტოლვილ თითოეულ ოჯახს.

პირველ აგვისტოს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის“ და იმ თანხით, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებისათვის იქნება გამოყოფილი, მათ ბინები სხვაგანაც შეუძლიათ დაიქირაონ.

თბილისის მერიის ოფიციალური განცხადებით, ოთხი თვის განმავლობაში, თბილისში, სხვადასხვა სასტუმროში 2300-მდე ლტოლვილი იყო განთავსებული. მერიის თანახმად, უკრაინიდან ლტოლვილი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.  

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG