Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არიან და როდის ჩამოვლენ უცხოელი ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად?


ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტები პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, კლინიკა „ვივამედში“ 11 აგვისტოს მოინახულებენ. 11 აგვისტოსვე იგეგმება „ვივამედის“ ექიმებთან ერთად კონსილიუმის გამართვაც, სადაც სპეციალისტები კიდევ ერთხელ განიხილავენ პაციენტისათვის გარკვეული გამოკვლევების ჩატარების საკითხს. პარალელურად, „ემპათიის“ ექსპერტები და მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის პროცესში ამერიკელი და შვეიცარიელი ექიმების ჩართვის მოლოდინში არიან.

როგორც ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, სამი ამერიკელი ექიმის დოკუმენტაცია უკვე გადაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, რომელმაც უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტებს დროებითი ლიცენზია უნდა მიანიჭოს. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ უცხოელმა სპეციალისტებმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის უფლება მოიპოვონ.

მარიამ ჯიშკარიანი
მარიამ ჯიშკარიანი

„ამ ეტაპზე, სამი ექსპერტის დოკუმენტაცია უკვე გაიგზავნა. ასევე ვიწვევთ შვეიცარიიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს. გარდა ამისა, ჩვენს მიერ კვლავ გრძელდება ექსპერტიზა. დაგეგმილია კვლევები. „ემპათიის“ ექსპერტიზა ჯერჯერობით ვერ დასრულდება, ვინაიდან ამერიკელი და ასევე შვეიცარიელი ექსპერტები, ჯერ არ ჩართულან პროცესში. ჩვენ მათ უკვე გადავუგზავნეთ ჩვენს ხელთ არსებული დასკვნები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე მივაწოდეთ გარკვეული შემაჯამებელი ინფორმაციაც და ახლა ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, თუ როდის გასცემს უცხოელ ექიმებზე დროებით ლიცენზიებს. ამის შემდეგ ისინი უკვე საქართველოში გამოემგზავრებიან. ჯამში სულ ხუთ ექსპერტზეა ლაპარაკი, მათგან ერთი ამ პროცესში დისტანციურად იქნება ჩართული“.

მაისის ბოლოდან მოყოლებული, ანუ, მას შემდეგ, რაც ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტებმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, კვლავ მოიპოვეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის უფლება, ექსპერტებმა ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ ათჯერ მოინახულეს. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გაუმჯობესება არ შეინიშნება:

„მკურნალობა გრძელდება, თუმცა, ეს მკურნალობა არ არის საკმარისი. საჭიროა მულტიპროფილური, ინტერდისციპლინარული მკურნალობა და რეაბილიტაცია, რაც, სამწუხაროდ, პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარების ქვეშ ვერ ხორციელდება. დიაგნოზებში არსებითი ცვლილება არ არის. შესაძლოა, დაემატოს კიდეც დიაგნოზები. ახლა კონკრეტულ დიაგნოზებთან დაკავშირებით არ დავკონკრეტდები. კვლავ საყურადღებოა მისი მდგომარეობა ფსიქონევროლოგიური თვალსაზრისით და საჭიროებს მკურნალობა-რეაბილიტაციას. ასევე კვლავ განსახორციელებელია სპეციფიკური კვებითი ღონისძიებები. შესაბამისად, ვერანაირ მნიშვნელოვანი პროგრესს მის ჯანმრთელობაში ვერ ვხედავთ“.

მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორია კლინიკა „ვივამედმა“ მაისის მიწურულს გადასცა მის მკურნალ ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს. 13-დღიანი მკურნალობისა და კვლევების ამსახველი ავადმყოფობის მრავალგვერდიან ისტორიაში ექსპრეზიდენტის დიაგნოზთა ჩამონათვალი ასე გამოიყურებოდა:

  • დადასტურებული პოლინეიროპათია;
  • ადაპტაციური აშლილობა პროლონგირებული დეპრესიით;
  • ეროზიული გასტრიტი;
  • თალასემიით გამოწვეული ანემია;
  • პრედიაბეტი.

ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ვივამედის“ მიერ გადაცემულ ავადმყოფობის ისტორიაში არსად ფიგურირებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს, მაგალითად, ფსიქოლოგიური დახმარება უტარდებოდა. გარდა ამისა, როგორც ექიმმა რადიო თავისუფლებას აუხსნა, დროში გახანგრძლივებულმა მწვავე კალორიულმა დეფიციტმა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი გამოფიტვამდე, კახექსიამდე ან უეცარ გარდაცვალებამდეც კი მიიყვანოს:

თენგიზ წულაძე
თენგიზ წულაძე

„ასეთ დროს იზრდება უეცარი სიკვდილის რისკი. ასეთი კვებითი დეფიციტის დროს დაახლოებით ოთხჯერ იზრდება უეცარი გარდაცვალების რისკი. რა შეიძლება მოვიაზროთ ხანგრძლივ პერიოდად, ამას ვერ გეტყვით. ერთ თვეში მოხდება ეს თუ სამ წელში, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ აუცილებლად წავა გაუარესებისკენ თუ არ მიიღებს შესაბამისი რაოდენობის კალორიას, ეს ფაქტია. ეს ძალიან მარტივი ლოგიკაა. ამ ადამიანს ახლა სჭირდება ფართო, მულტიპროფილური მიდგომა, რომელიც გულისხმობს, მათ შორის, გარემოს შეცვლასაც. თუკი გარემო იგივე იქნება, იგივე მანკიერ წრეზე ვიტრიალებთ. ადაპტაციური აშლილობა შესაძლოა შემსუბუქდეს რაღაც დროში, ადამიანი მიეჩვიოს იმ გარემოს, რა გარემოშიც არის, მაგრამ ამის პროგნოზირება მე არ შემიძლია“, - უთხრა 25 მაისს თენგიზ წულაძემ რადიო თავისუფლებას.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში ზუსტად სამი თვეა მკურნალობს. თუმცა, „ემპათიის“ კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ექიმი ოთარ თოიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაავადებები პროგრესირებს და სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, გაუმჯობესების კუთხით, შედეგი არ მოჰყოლია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ახლა სასჯელის გადავადების სტრატეგიასა და მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე მუშაობენ.

ამ პროცესის პარალელურად, საქართველოში ამერიკელი ექიმების ჩამოყვანის დეტალების მოგვარებითაა დაკავებული ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, საქართველოში მოწვეული უცხოელი ექიმების შერჩევაში ის თავადაც აქტიურადაა ჩართული:

„ჩვენ ახლა დამოკიდებულები ვართ რეგულირების სააგენტოზე. როდის განიხილავს კომისია ჩვენს მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს. როგორც ჩემთვის ცნობილია, კომისიამ პირველივე შეკრების თანახმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კომისია, სიტუაციის მიხედვით, ხან თვეში ერთხელ იკრიბება, ხან ორ თვეში ერთხელ. ჩვენ ვთხოვეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. რაც შეეხება ექიმების შერჩევის საკითხს, ჩვენ 50-მდე საერთაშორისო საექსპერტო კომპანიას დავუკავშირდით და მათი გავლით შევარჩიეთ ექიმები საუკეთესო გამოცდილებითა და ტიტულებით“.

შალვა ხაჭაპურიძემ რადიო თავისუფლებას მიაწოდა ორი უცხოელი ექიმის სახელები და გვარები, რომლებიც საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლონ და შეაფასონ.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მათ შორის, ერთ-ერთია, მედიცინის დოქტორი, ამერიკელი ნევროლოგი და ტკივილის მართვის სპეციალისტი, შაჰინ ლახანი, სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჰარვარდის სამედიცინო სკოლასა და მეცნიერებისა და მედიცინის კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც მან დააარსა ნევროლოგიის დეპარტამენტი და იყო კათედრის დეკანი. ის არის 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნების ავტორი. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო პროფესიულ საქმიანობაში მიღებული წარმატებისათვის, მათ შორის, ჯილდო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშისგან. რამდენიმე წლის წინ, მას სენატორმა ნენსი პელოსმა გადასცა ამერიკის კონგრესის ოქროს მედალი.

რაც შეეხება მეორე სპეციალისტს, მედიცინის დოქტორი, ექიმი ერიკ დევიდ გოლდსმითი, 28 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონდე ფსიქიატრია. ის მკურნალობს დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის, კვებითი აშლილობის, ბიპოლარული აშლილობისა და სხვა მენტალური დაავადებების მქონე პაციენტებს. ერიკ დევიდ გოლდსმითი ავტორია არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა.

როდის შეიკრიბება წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში სპეციალური კომისია, რომელმაც უცხოელ ექიმებს საქართველოში საქმიანობის დროებითი ლიცენზია უნდა მიანიჭოს, ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებამ რეგულირების სააგენტოსგან დღეს პასუხი ვერ მიიღო.

მიხეილ სააკაშვილი 10 აგვისტოს კლინიკაში მოინახულა მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს ტემპერატურა აღენიშნებოდა. რაც შეეხება ნიკოლოზ ფაჩუაშვილს, ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება თვალშისაცემია:

ნიკოლოზ ფაჩუაშვილი
ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

„მე ასეთი გამხდარი არასდროს არ მინახავს. რაც აქ ვარ კლინიკაშიო, 11 კილო მაქვს დაკლებულიო. მე ის ვუთხარი, რომ სასოწარკვეთილება ახლოს არ უნდა გაიკაროს... აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როგორ გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა. ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით იყოს შესაძლებელი", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ სამი პროცესი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს: საზღვრის უკანონო კვეთის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა ("პიჯაკების საქმე") და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის საქმეებზე.. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ბოლო თვეებია მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომებს ვეღარ ესწრება, რაც სხდომების გადადების საფუძველი ხდება.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღესვე, პირველ ოქტომბერს გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლავ დამძიმების გამო, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG