Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯენტრიფიკაცია? - რას ცვლის მიგრანტების ნაკადი რუსეთიდან


Гамарджоба! - რეკლამები სოციალურ ქსელებში ხან ტატუს გასაკეთებლად მიწვევენ თბილისში ახლახან გადმოსულ სანქტ-პეტერბურგელ არტისტთან, ხან ტურებზე „ვ გორახ გრუზიი“ და ხანაც „მაშინა ვრემენის“ კონცერტზე სპორტის სასახლეში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში ათიათასობით მიგრანტი შემოვიდა რუსეთიდან და ამ დრომდე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციას, ზოგადად, არაერთი დადებითი ეფექტი ახლავს, რუსეთის მოქალაქეების ნაკადი ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში საფრთხის, მათ შორის, დედაქალაქის უბნების ჯენტრიფიკაციის შეგრძნებას იწვევს.

რა არის ჯენტრიფიკაცია?

ჯენტრიფიკაცია ურბანული ტერმინია და ხშირად ქალაქის გარკვეული უბნის, სამეზობლოს ან არეალის განახლებასთან ასოცირდება, მაგრამ ეს ცნება სინამდვილეში გაცილებით კომპლექსურია. ესაა პროცესი, როცა ადამიანები მაღალი შემოსავლებით, სახლდებიან ან ბიზნესები ინვესტიციებს დებენ შედარებით ღარიბ ადგილებში. ამით, ისინი ხეირობენ მათთვის დაბალი ფასებით, განდევნიან დაბალშემოსავლიან ადგილობრივებს და ცვლიან ტერიტორიის ხასიათსა და იდენტობას.

„ჩანაცვლების პროცესი უკვე ინტენსიურია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანა ბიბილაშვილი, ურბანისტი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი. „უფრო ცხადად უნდა ავუხსნათ ადამიანებს, რომ გაცილებით ძლიერი ეკონომიკური შესაძლებლობების დიდი ქვეყნიდან შეიძლება გადმოვიდეს იმ რაოდენობის ადამიანი და აითვისოს იმდენი საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილი, რომ შეიძლება ხვალ უბრალოდ კონკურენცია ვერ გაუწიონ ჩვენმა მოქალაქეებმა“.

საზღვრის კვეთის ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოს საზღვარი, საერთო ჯამში, 450 000-მდე ადამიანმა გადმოკვეთა. „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, ქვეყნიდან არ გასულა 70 000-მდე მიგრანტი, საიდანაც ნახევარი, 35 ათასამდე, რუსეთის მოქალაქეა, ხოლო მეორე ნახევარი - ბელარუსისა და უკრაინის.

საშა და დიანა თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში, სოლოლაკში, ასათიანისა და დადიანის ქუჩების კვეთაზე ძაღლს ასეირნებენ. ომამდე წყვილი მოსკოვსა და პეტერბურგს შორის ცხოვრობდა. მარტის შუა რიცხვებიდან - თბილისში, ამავე უბანში ქირაობენ ბინას, მაღალჭერიანს და მზიანს.

წყვილი ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობს. Რუსეთიდან იზოლაციას გამოექცნენ - უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა გაუჭირდებოდათ. პოლიტიკისგან თავის შორს დაჭერას ცდილობდნენ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ემიგრაციის ძირითადი მიზეზი მაინც სამშობლოსადმი ღრმა გაუცხოება გახდა.

სოლოლაკში საშასა და დიანას, ძაღლის გასეირნების დროს, ხშირად ხვდებათ თვალში გრაფიტები - რუსებო წადით სახლში, F*ck Russia. თუმცა ცდილობენ საკუთარ თავზე არ მიიღონ. უცხო ადამიანებს რუსულად თითქმის არ ელაპარაკებიან და ერთულებათ, თუმცა цота-цота ქართულსაც ეჭიდებიან, რადგან თბილისში დიდხანს დარჩენას გეგმავენ.

არაქართული შემოსავალი და ქართული ფასები, რუსებს მაღალ ხარჯვისუნარიანებს ხდის. ეს, მათ შორის, ჩანს საბარათე ოპერაციებში. რუსეთის ზუსტი წილი უნაღდო გადახდებში უცნობია ქვეყნის საბარათე სისტემიდან გარიცხვის გამო. თუმცა მკვეთრი მატება შეიმჩნევა ქართული კომერციული ბანკების გადახდებში, რომლებითაც ათასობით რუსეთის მოქალაქე სარგებლობს.

„თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი როგორც ტრანზაქციების რაოდენობა და საშუალო ტრანზაქციის ღირებულება, ასევე, ხარჯები სურსათზე, რესტორნებზე, ტანსაცმელზე.

  • 2019 წელთან შედარებით, რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები 46%-ით გაიზარდა;
  • 2019 წელთან შედარებით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები 156%-ით გაიზარდა.

„წმინდა ეკონომიკურად, ეს არის დადებითი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მჟავანაძე, „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი. „ეკონომიკურ აქტივობას ზრდის იგივე ტურიზმის მიმართულებით; სასურსათო, ტექნიკის თუ სხვა მაღაზიისთვის გაზრდილი მოთხოვნა და დამატებითი შემოსავალია“.

მეორე მხრივ, მიგრაციით გამოწვეული გაზრდილი ფასები, მათ შორის, ქირასა თუ უძრავ ქონებაზე, შეიძლება ტვირთად დააწვეს შედარებით ხელმოკლე ოჯახებს, სტუდენტებს თუ სხვა ჯგუფებს.

როგორ გაძვირდა ქირა

29 წლის ნინოს, რომელიც თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ბინას უკვე მე-7 თვეა ქირაობს, ყველაზე ცუდი კოშმარი აუხდა - ივლისის ბოლოს მეპატრონემ მას ორმაგი ქირის გადახდა მოსთხოვა.

გრძელვადიან საცხოვრებელზე მოთხოვნამ მიმდინარე წლის მარტში, ომის დაწყებასა და მიგრაციის გაზრდილ ტალღასთან ერთად იმატა. ქირის ფასები 2021 წელთან შედარებით 80%-ით გაიზარდა; 2019-თან შედარებით თითქმის - 50%-ით.

ქირის ფასის ცვლილება 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით.
ქირის ფასის ცვლილება 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით.

საქართველოში საბინაო სექტორი უმეტესწილად საკუთრებაზეა დაფუძნებული, რაც მეტად იცავს ადგილობრივებს ჯენტრიფიკაციისგან, ამბობს არქიტექტორი ნანო ზაზანაშვილი. თუმცა, მისივე თქმით, თუ მიგრანტების ნაკადი გამოიწვევს სურსათსა თუ სერვისებზე ფასების ზრდას, ამანაც შეიძლება გარიყოს ადგილობრივი მცხოვრები.

ქირის მიმართ მოწყვლადი ჯგუფებიც, მაგალითად, რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტები.

ევროპის ქალაქებში, გარკვეულ არეალებში გამქირავებელს შეიძლება ეკრძალებოდეს დათქმული ქირის გადასახადის გაზრდა დროის გარკვეულ მონაკვეთში. საქართველოში კონტრაქტები, როგორც წესი, საერთოდ არ ფორმდება და ყველაფერი კერძო პირების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ჯერჯერობით არავინ იცის, მიგრანტების ნაკადი დარჩება თუ ზაფხულის დასრულებასთან ერთად, საქართველოდან გასვლას გადაწყვეტს. თუ დარჩებიან, გიორგი მჟავანაძის განმარტებით, ქირიდან ყიდვაზე გადავლენ, რამაც შესაძლოა დაწიოს ქირის ფასი, მაგრამ გაზარდოს ყიდვის.

პარალელურად, კერძო სექტორი, მეტი მოგების მისაღებად, შეეცდება ფეხი აუწყოს მაღალშემოსავლიან რუს მიგრანტებს, რაც ფასების გარდა, ადგილობრივ კულტურასაც შეცვლის.

როგორ იცვლება ქალაქის ხასიათი

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში 15-წუთიანი დაკვირვებაც საკმარისია, რომ მიხვდე - გარშემო მეტწილად რუსული ლაპარაკი ისმის. მომრავლდა რუსული სიმღერები ქუჩის მუსიკოსების ცოცხალ შესრულებებში. საკონცერტო დარბაზები ეთმობათ რუს შემსრულებლებს - სექტემბერში „მაშინა ვრემენის“, ოქტომბერში მაქსიმ გალკინს.

ბათუმში აღმოაჩინეს არაერთი რუსულენოვანი ბარი, სადაც ქართულად ვერაფერს შეუკვეთავთ.

პარალელურად იზრდება ანტირუსული განწყობები, რასაც განსაკუთრებით აღვივებს სოციალურ ქსელებში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული უსიამოვნებების შესახებ გავრცელებული ცნობები.

ზოგს შუახნის რუსები აღიზიანებს, რომლებიც საკუთარ ენაზე ითხოვენ მომსახურებას, ზოგს - ახალგაზრდა ჰიფსტერები, რომლებიც წუწუნებენ, რომ თბილისში კარგი ყავა ვერ უპოვიათ. ზოგსაც ყველა, ვინც რუსულად საუბრობს.

„ჩვენ გვახსოვს [2008 წლის] ომი, გვახსოვს რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, როგორ და რა პირობებში გაუკეთეს დეპორტაცია“, - ამბობს ნანო ზაზანაშვილი და ამატებს: „დიდი უსამართლობის განცდა ჩნდება, როცა ჩვენ ყველანაირ პირობას ვუქმნით კომფორტული ცხოვრებისთვის. ცალმხრივია ეს ყველაფერი“.

ანა ბიბილაშვილი მათ შორისაა, ვინც ფიქრობს, რომ აუცილებელია სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის ფედერაციასთან, რათა სახელმწიფომ ზუსტად იცოდეს, რა მიზნით და რამდენი ხნით შემოდიან რუსები საქართველოში.

11 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას, რომლის მოთხოვნაა, რუსეთის და ასევე ბელარუსის მოქალაქეებს, ერთი წლის ნაცვლად, მხოლოდ 3 თვემდე შეეძლოთ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენა.

რუსეთის გარდა, საქართველო კიდევ ათობით ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს უვიზოდ და ხანგრძლივი დროით ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობას. თუმცა, როგორც ანა ბიბილაშვილი ამბობს, „კონტექსტი არის სრულიად სხვა - რუსეთია ის, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული“.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG