Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ნაკაიძის სასამართლო სხდომა დაიხურა


ლაშა ნაკაიძე, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ტელეწამყვანი
ლაშა ნაკაიძე, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ტელეწამყვანი

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის სასამართლო სხდომა დაიხურა. იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა სქესობრივი სახის დანაშაულს, პროკურორმა ითხოვა, საკითხი განხილულიყო დახურულ სხდომაზე. ამ შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული ლაშა ნაკაიძეც, მოსამართლემ კი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლო "მთავარი არხის" დილის გადაცემის წამყვანის, ლაშა ნაკაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. ლაშა ნაკაიძე დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიება მას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურებას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ ლაშა ნაკაიძე ოჯახის წევრს შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაზარალებულზე ნაკაიძემ იძალადა როგორც ფიზიკურად, ასევე სექსუალურად.

ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით არის აღძრული: 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) ქვეპუნქტით.

"მთავარი არხი" დილის გადაცემის წამყვანის დაკავებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. არხი აცხადებს, რომ პოლიციას ამ დანაშაულის შესახებ მათმა სხვა თანამშრომელმა შეატყობინა - გამოიკითხა ქალი და მისი ჩვენების საფუძველზე ტელეწამყვანი დააკავეს.

"ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, "მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას", - განაცხადეს "მთავარ არხში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG