Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რომპეტროლი" საწვავის ფასზე კონკურენციის სააგენტოს კვლევით გაჩენილ კითხვებს პასუხობს


ფოტო არქივიდან: "რომპეტროლის" ბენზინგასამართი სადგური
ფოტო არქივიდან: "რომპეტროლის" ბენზინგასამართი სადგური

საქართველოს ბენზინგასამართი სადგურების ერთ-ერთი მსხვილი ქსელი, "რომპეტროლი", კონკურენციის სააგენტოს კვლევის შედეგად გაჩენილ კითხვებს რადიო თავისუფლებასთან პასუხობს. სააგენტოს ბოლო კვლევის მიხედვით, ეს ის კომპანიაა, რომელიც რუმინეთიდან საქართველოში შემოტანილ იაფად ნაყიდ საწვავს კონკურენტებზე დაბალ ფასად ყიდის, საკუთარ ქსელში, ბენზინგასამართ სადგურებში კი ძვირად შეძენილი საწვავი გააქვს გასაყიდად.

კომპანია აცხადებს, რომ საცალო ბაზარზე თავის კონკურენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა აკავშირებს - ისინი საწვავს წინასწარი შეკვეთით ყიდულობენ იმ დროისთვის არსებული ფასით.

"საწვავის ყოველ ახალ შემოსულ პარტიას აქვს განსხვავებული თვითღირებულება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მაღალი, ასევე დაბალი. შესაბამისად, საცალო რეალიზაციისთვის განკუთვნილი საწვავის თვითღირებულება შესაძლოა, განსხვავდებოდეს საბითუმო ვაჭრობისთვის შესყიდული საწვავის თვითღირებულებისგან", - აცხადებენ "რომპეტროლში".

კომპანიაში არ პასუხობენ კითხვას, აქვთ თუ არა ბენზინგასამართ სადგურებში მათ მიერვე შემოტანილ საწვავზე კონკურენტებთან შედარებით უფრო დაბალი ფასი.

"კომპანია მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდება საწვავის ფასების ზრდას მომხმარებლების განწყობიდან გამომდინარე და სწორედ ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ საწვავის სარეალიზაციო ფასი რუმინეთში უფრო მაღალია, ვიდრე რუმინული საწვავის სარეალიზაციო ფასი საქართველოში".

იმის მიუხედავად, რომ კონკურენციის სააგენტოს ბოლო კვლევამ კონკურენტ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ფასთან დაკავშირებით შესაძლო შეთანხმების არსებობაზე გააჩინა ეჭვი, "რომპეტროლში" ამას გამორიცხავენ.

"ჩვენ მკაცრად ვიცავთ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას, ვართ ბაზრის ინდივიდუალური მონაწილეები და თავად განვსაზღვრავთ ჩვენს კომერციულ და საფასო პოლიტიკას", - ამბობენ კომპანიაში.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 2022 წლის შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში შემოტანილი საწვავისა და ბენზინგასამართ სადგურებზე რეალიზაციის ფასები შეისწავლა და დაადგინა, რომ ფასზე არ აისახება არაერთი განმასხვავებელი ფაქტორი. კვლევა, რომელიც 17 აგვისტოს გამოქვეყნდა, აჩვენებს იმ მიგნებებს, რომლებითაც კონკურენტი ბენზინგასამართი სადგურები და დისტრიბუტორები მუშაობენ.

კვლევის შედეგები:

  • ქვეყანაში ყველაზე მეტი საწვავი რუსეთიდან შემოდის, სადაც ფასი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია;
  • იანვარ-ივლისში საქართველოში 810 320 ლიტრი საწვავი შემოვიდა, საიდანაც ყველაზე დიდი მომწოდებელი (40,8%) რუსეთია, რომელსაც მოჰყვება რუმინეთი - 26,5%-ით და ბულგარეთი - 13,4%-ით;
  • რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა მსხვილი კომპანიები ერთნაირ ფასად ყიდიან. ამავდროულად, ბაზარზე მზარდია რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის პროცენტული წილი. აპრილი-ივლისის პერიოდში იგი საერთო იმპორტის 64-65% გახდა;
  • საცალო ფასები 2022 წლის ივლისში საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ქვეყნებში (ბულგარეთი, რუმინეთი) 7-8 ცენტით შემცირდა, თუმცა საქართველოში გაიზარდა 11 ცენტით;
  • რუმინეთიდან შემოტანილი საწვავი ხშირად საბაჟო საწყობში ინახებოდა, იმპორტიორი კომპანია, რომლის სახელსაც კონკურენციის სააგენტო არ ასახელებს, თავის ქსელში ძვირად ნაყიდ საწვავს ყიდდა, კონკურენტებს კი "იაფ" საწვავს აძლევდა. მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის შემთხვევაში 30-დან 70 თეთრამდე მერყეობდა.

11 აპრილს, როცა საწვავის ფასის ზრდა უკვე თვალშისაცემი იყო, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი". მან მაშინ იმპორტიორებს მოუწოდა, შეემცირებინათ ფასები. რამდენიმე თვის წინ კონკურენციის სააგენტომ ბაზარზე საწვავის ფასების შესწავლა მისი დავალებით დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG