Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორელები გზის გახსნის მოლოდინში


ახალგორის მიმართულების მაჩვენებელი საგზაო ნიშანი.
ახალგორის მიმართულების მაჩვენებელი საგზაო ნიშანი.

ოკუპირებული ახალგორის მცხოვრებლები ჩაკეტილი გზის გასახსნელად ემზადებიან. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ე.წ. გამშვები პუნქტები 20 აგვისტოდან ათი დღით გაიხსნება და ადგილობრივი მცხოვრებლები, როგორც თბილისისკენ, ისე ოკუპირებული დაბისკენ გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებენ.

რადიო თავისუფლების ახალგორელი წყარო ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ნათესავებთან იმყოფება. იგი რამდენიმე დღეში, ახალგორში დაბრუნებას აპირებს, იქ მას მშობლები ელოდებიან, რომლებსაც უკვე ესაუბრა ტელეფონით.

„ყველა გახარებულია ახალგორში. ყველა ემზადება დღესასწაულისთვის. 28 აგვისტოს მარიამობაა და გზა გახსნილი იქნება. ბევრი ადამიანი ამის გამო დაბაში ჩავა და იქ აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ამ გზის გახსნით ადამიანები ნათესავებს მოინახულებენ. ექიმთან წავლენ, პენსიას აიღებენ, პროდუქტებს შეიძენენ. ვიცით უკვე, რომ ყოველთვე ათი დღით გაგვიხსნიან გზას და ვეცდებით ჩვენი საქმეები მოვასწროთ. გარდა ამისა, აბიტურიენტებსაც კარგად დაემთხვათ და ისინი სასექტემბროდ უკვე თბილისისკენ წავლენ.“

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭომ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილება 18 აგვისტოს მიიღო. ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

გამარტივებული პროცედურით ისარგებლებს ახალგორისა და ჯავის რეგიონის მოსახლეობა - მათ ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვის ჩათვლით შეეძლებათ გადაადგილება. საუბარია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე "რაზდახანი" (ოძისი/მოსაბრუნი) და "პერეუ" (პერევი).

დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის თქმით, ეს საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, რაიონული ადმინისტრაციებისა და ე.წ. დეპუტატის, ზაზა დრიაევის შუამდგომლობის საფუძველზე განიხილეს. მიმდინარე წლის 31 ნოემბრამდე მოსახლეობას გადაადგილება "ვადაგასული საშვებითაც" შეეძლება.

დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა "რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა.

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, ახალგორის რაიონის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი იძულებული გახდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასახლებულიყო. წავიდნენ სტუდენტები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ, მოხუცები, რომლებსაც საქართველოს კლინიკებში მკურნალობის სურვილი ჰქონდათ, თუმცა დაბაში მაინც დარჩა გარკვეული ნაწილი ხანში შესული ადამიანებისა, რომლებისთვისაც მაღალკვალიფიციური ჯანდაცვის სერვისი ხელმიუწვდომელია.

18 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის რაიონის გამგებელმა ილარიონ გაგიევმა, მისმა პირველმა მოადგილემ რეზო დევიძემ და ე.წ. დეპუტატმა ზაზა დრიაევმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან საგანგებო შეხვედრა გამართეს და ე.წ. საზღვრის გადაკვეთის წესები განუმარტეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი:

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

„რაიონის ხელმძღვანელის თქმით, იმის გამო, რომ საზღვრები ამდენი ხანი იყო ჩაკეტილი, თავდაპირველად ადამიანებს ვადაგასული საშვებით გაუშვებენ. მე მინდა მივმართო პრეზიდენტს (გაგლოევს) თხოვნით. დარწმუნებული ვარ, რომ რაიონის ყველა მცხოვრები მხარს დაუჭერს ამ თხოვნას. თუ ადამიანს აქვს სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი, გთხოვთ, არ მოითხოვოთ მისგან საშვის გაფორმება. ეს უაზრობაა. ადგილობრივი მაცხოვრებლების სახელები, რომლებიც კვეთენ საზღვარს, რუსი მესაზღვრეების მონაცემთა ბაზაში არსებობს. მათ ვინაობას კი სამხრეთ ოსეთის პასპორტი ადასტურებს. რაღა საჭიროა საშვი? თავიდანვე საშვს ან ფორმა No9-ს მოითხოვდნენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე, რაიონის მცხოვრებლებისგან, მაგრამ ეს მოთხოვნა 2019 წელს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვისაც შემოიღეს“, - უთხრა თამარ მეარაყიშვილმა „ეხო კავკაზას“. მისი აზრით, საშვების ხშირი ცვლა კორუფციული სქემის ნაწილია.

ხალხმა საგუშაგო ფეხით უნდა გადაკვეთოს. ერთ ადამიანზე ნებადართულია 50 კილოგრამამდე ხელბარგი...

„ეს არის კორუფციული სქემა. თითოეული საშვისთვის საჭირო იყო დაახლოებით თხუთმეტი ათასი რუბლის გადახდა. რაც უფრო მეტ ადამიანს მოეთხოვება მისი ქონა, მით მეტი თანხის შეგროვება შეიძლება. ფორმალურად, საშვი მოქმედებდა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ სხვადასხვა საბაბით უფრო ხშირად გვთხოვდნენ მის შეცვლას, ამიტომ მეტ ფულს იღებდნენ. შეიცვალა დოკუმენტის ფერი, ფორმა, ზომები. მწვანე, თეთრი, კვადრატული… და ყოველ ჯერზე, ხალხს საბუთების შეგროვება და საშვისთვის რიგში დგომა უწევდათ”, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ არ გულისხმობს კომერციულ კომპონენტს, რადგან ე.წ. საზღვარზე მიკროავტობუსების გადაადგილების აკრძალვა ძალაში რჩება. ბოსტნეულით მოვაჭრეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იაფფასიანი პროდუქციის შეტანა გაუჭირდებათ. ახალი წესების მიხედვით, ხალხმა საგუშაგო ფეხით უნდა გადაკვეთოს. ერთ ადამიანზე ნებადართულია 50 კილოგრამამდე ხელბარგი. თუმცა ერთგვარი გამოსავალი აქაც არსებობს, როცა რამდენიმე მოქალაქე თანხმდება და ტვირთს 50 კილოგრამებად იყოფენ. მაგალითად, 10 კაცს ნახევარი ტონა ტვირთის შეტანა შეუძლია, რაც მცირე დაბისთვის ცოტა არ არის. ამ ხერხს ახალგორელები ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამდეც იყენებდნენ.

ახალგორის ცენტრი
ახალგორის ცენტრი

ოკუპირებულ დაბაში ცხინვალიდან დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი კონსტანტინ ჯოსოევიც ჩავიდა და მოსაბრუნის (რაზდახანის) ე.წ. გამშვები პუნქტი დაათვალიერა. სააგენტო „რესის“ ცნობით, მან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან იქვე გამართა თათბირი და პასუხისმგებელ პირებს საშვების გაცემა და მოსახლეობასთან საინფორმაციო-განმარტებითი სამუშაოს ჩატარება დაავალა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, 2019 წლის აგვისტოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა. ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს - დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნიდა. თუმცა მას ახლა ბიბილოვის მომხრეები აკრიტიკებენ და პროქართული საქმის კეთებაში ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG