Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: აშშ თურქეთს აფრთხილებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევის თაობაზე


(მარცხნიდან): თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. ნატოს სამიტი მადრიდში. 28 ივნისი, 2022 წელი
(მარცხნიდან): თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. ნატოს სამიტი მადრიდში. 28 ივნისი, 2022 წელი

შეერთებულმა შტატებმა თურქული კომპანიები გააფრთხილა, არ ითანამშრომლონ იმ რუსულ კომპანიებსა და მოქალაქეებთან, რომლებიც აშშ-ის სანქციების სამიზნეა, წერს გამოცემა Wall Street Journal.

გაზეთმა მოიპოვა აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილის, უოლი ადიემოს წერილი თურქეთში ამერიკის სავაჭრო პალატისა და თურქეთის ინდუსტრიისა და ბიზნესასოციაციისადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქულ კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულთა სიაში მყოფ რუსეთის მოქალაქეებთან ბიზნესს აწარმოებენ, ამერიკული სანქციების რისკი ემუქრებათ. წერილში ხაზგასმულია თურქული ბანკები. „რუსეთის სანქცირებულ მოქალაქეებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობამ შესაძლოა, თურქული ფინანსური ინსტიტუტები და ბიზნესი სანქციების რისკის ქვეშ დააყენოს“, - აღნიშნულია წერილში. გაზეთი აზუსტებს, რომ თურქულ ბანკებს, რომლებიც რუსულთან საკორესპონდენტო ურთიერთობას ინარჩუნებენ, ამერიკულ ბანკებთან ურთიერთობა აეკრძალებათ.

ეს გაფრთხილება ანკარაზე ვაშინგტონის მხრიდან მზარდი ზეწოლის მტკიცებულებაა. თურქეთი ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდა. Wall Street Journal-ის ცნობით, შედეგად, თურქეთი რუსული კაპიტალისთვის თავშესაფრად იქცა.

გასული კვირის ბოლოს, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია აშშ-სა და თურქეთის სახაზინო მდივნების მოადგილეებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელშიც უოლი ადიემო გამოთქვამდა შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთს რუსები სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ. თურქეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თავისი ამერიკელი კოლეგა დაარწმუნა, რომ თურქულ კომპანიებსა და მოქალაქეებს საერთაშორისო სანქციების დარღვევა ეკრძალებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG