Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ რეკორდულ რიცხვს მიაღწია


ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველ ნახევარში, რეკორდულადაა გაზრდილი საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რაოდენობა. ეს მონაცემი, EUAA-ს 2022 წლის პირველი ნახევრის ერთ-ერთ „მთავარ მიგნებად“ დასახელდა. თუმცა, საქართველო, გასული წლის მიწურულსაც იმ ქვეყნების ათეულში იყო, რომელთა მოქალაქეებმაც ყველაზე მეტი თავშესაფარი ითხოვეს ევროკავშირის ქვეყნებში.

მისცემს საფრანგეთი ლელას და მის შვილებს თავშესაფარს?

43 წლის ლელა ცისკარიშვილი 13 ივლისს ჩაფრინდა საფრანგეთში. არასრულწლოვან შვილებთან ერთად საქართველოდან წასვლისა და თავშესაფრის თხოვნის გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო. სამშობლოში ვერც ფინანსურ პრობლემებს გაუმკლავდა და ვერც იმ პრობლემებს, რომლებზე ლაპარაკიც, ჯერჯერობით, საჯაროდ არ სურს.

ლელა ცისკარიშვილი შვილთან ერთად
ლელა ცისკარიშვილი შვილთან ერთად

„შეიძლება ითქვას, რომ ერთ ზურგჩანთაში ჩაეტია ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრება. საქართველოში არა თუ ჩემს, ჩემი შვილების პერსპექტივასაც ვეღარ ვხედავდი. ამოვწურე ყველა რესურსი, რისი გაკეთებაც შემეძლო. უკანასკნელ წლებში, მას შემდეგ, რაც სამსახურის გარეშე დავრჩი, მუდმივად ვეძებდი შემოსავლის წყაროს. ნებისმიერ სამსახურზე ვიყავი თანახმა. არ მეთაკილება არანაირი შრომა. უბრალოდ, უნდა გიღირდეს ადამიანს ორი მოზარდის მთელი დღით მარტო დატოვება. ამისათვის შესაბამისი ანაზღაურება უნდა გქონდეს, რომ ეს დანაკლისი სხვა რამით ჩაანაცვლო. მაგრამ მე ეს არ გამომივიდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ გამომივიდა“.

საფრანგეთში ჩასვლისთანავე ლელამ თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრს მიაკითხა. დედა ორ შვილთან ერთად დროებით საცხოვრებლში დააბინავეს და პირველადი მოხმარების ნივთები მისცეს. ახლა ის პარიზში გასაუბრებას ელოდება, რომლის შემდეგაც უნდა გადაწყდეს, მისცემს თუ არა საფრანგეთი საქართველოდან წასულებს ოფიციალურ თავშესაფარს და მიანიჭებს თუ არა მათ ლტოლვილის სტატუსს:

„ამ ეტაპზე, თვითონ ქვეყანა მაძლევს ყველაფერს, რაც მჭირდება. არანაირი გეგმა არ მქონდა ჩამოსვლისას. უბრალოდ ჩამოვედი და რამდენიმე ინსტანციის გავლის შემდეგ მომხედეს. ცოტა რთული გზაა, ცოტა მტკივნეული, მაგრამ მერე და მერე, ნელ-ნელა იაზრებ, რომ ეს ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირებულებები, რომლებიც უნდა გააჩნდეს ადამიანს, დაიცვას. ახლა ყველაზე დაცულად ვგრძნობ თავს და ძალიან მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს. თუმცა, წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. თავშესაფრის მოთხოვნაზე დოსიე გაგზავნილია და ახლა ველოდები, როდის დამიბარებენ გასაუბრებაზე. ამის შემდეგ, 21 დღის განმავლობაში, უკვე მივიღებ პასუხს, მომცემენ თუ არა საბოლოო თავშესაფარს და სტატუსს. აქ აბსოლუტურად ყველაფერი მორგებულია შენზე და შენს საჭიროებაზე, მით უმეტეს, მაშინ, როცა მარტოხელა დედა ხარ. ფსიქოლოგიური დახმარებაც თავად შემომთავაზეს. ყველაფერს ცდილობენ, რომ თავი იგრძნო ადამიანად. თუკი დამტოვეს, შემდეგ თვითონვე შემომთავაზებენ სამსახურს, ენის შემსწავლელ კურსებს. ბავშვებისთვის სკოლა უკვე მოძებნეს. სიმართლე გითხრათ, ცოტა მერიდება კიდეც, იმდენს აკეთებს ეს სახელმწიფო ჩემთვის. ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია ამის რესურსი თუ სურვილი“.

რატომ და რომელ ქვეყნებში მიდიან საქართველოს მოქალაქეები?

ამ მონაცემების თანახმად, ლელა ცისკარიშვილის მსგავსად, ყოველი მეხუთე განმცხადებელი თავშესაფრის თხოვნით საფრანგეთს მიმართავს. საფრანგეთის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრს ითხოვენ გერმანიასა და იტალია. EUAA-ს გამოკვლევაში ვკითხულობთ იმასაც, რომ ათიდან ცხრა აპლიკანტი, თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადს პირველად ავსებს.


აღმოჩნდა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, აპლიკაციის წარდგენისას, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მთავარ ფაქტორად იქცა. 2022 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 390-მა მოქალაქემ მიიღო ევროკავშირში დროებითი დაცვის სტატუსი. ეს სპეციალური სტატუსი ენიჭებათ მათ, ვინც ქვეყანა სწორედ უკრაინაში დაწყებული ომის გამო დატოვეს.

2022 წლის პირველ ოთხ თვეში, ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 8 075-მა მოქალაქემ დაწერა განცხადება, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მონაცემი 183%-ითაა გაზრდილი. 2021 წლის პირველ ოთხ თვეში თავშესაფრის მიღების სურვილი 2 855-მა მოქალაქემ გამოთქვა.

2022 წლის პირველ კვარტალში, საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა საქართველოს 2 725-მა მოქალაქემ. გერმანიას - 2 455-მა; იტალიას - 1 100-მა.


ამავე პერიოდში, საქართველოს 80 მოქალაქეს მიენიჭა ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსი. 35-ს დაენიშნა სუბსიდირებული დაცვა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების რაოდენობა 23%-ითაა გაზრდილი.

ვინ ეძებს თავშესაფარს ევროკავშირში?

2022 წლის პირველ კვარტალში შევსებული აპლიკაციების 42% ქალებს ეკუთვნით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელ ქალთა რიცხვი მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილია. შარშან ეს რაოდენობა 39%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ასაკს:

  • თავშესაფრის მაძიებელთა 22% - 18 წელს ქვემოთაა;
  • 35% - 18-დან 24 წლამდეა;
  • ყველაზე მეტი, 41% - 35-დან 64 წლამდე;
  • მხოლოდ 1% ეძებს თავშესაფარს 65 წლიდან.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, თავშესაფრის მოთხოვნაზე ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქე ბავშვებმა მიიღეს. განცხადებების 96% არ დაკმაყოფილდა. 2%-მა მიიღო სუბსიდირებული დაცვის სტატუსი. 1%-მა მიიღო დაცვა ჟენევის კონვენციის თანახმად, ხოლო ასევე 1%-მა - ჰუმანიტარული დაცვის სტატუსი.

საინტერესოა მკვლევრების დაკვირვება საქართველოს რეგიონების მიხედვითაც. მათი განცხადებით, სამხრეთ-დასავლეთის რეგიონებიდან, მათ შორის, აჭარიდან და გურიიდან, საქართველოს მოქალაქეები ძირითადად თურქეთში მიდიან სამუშაოსთვის. ხოლო დიდ ქალაქებიდან, მათ შორის, თბილისიდან, რუსთავიდან თუ ქუთაისიდან, დასაქმების, სწავლისა და თავშესაფრის მისაღებად ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიდიან.

მიგრაციის მზარდი მაჩვენებელი და მისი კონტექსტი

როგორც გამოკვლევის ავტორები წერენ, ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელმაც მათ გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, აცხადებს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქარველოს ტოვებენ კვალიფიციური კადრები. „ხოლო მათ გადინებაზე გავლენა იქონია ბოლო პერიოდში, ქვეყანაში გაუარესებულმა მდგომარეობამ თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების კუთხით“.

მიგრაციის მზარდი მაჩვენებლისა და ადამიანის უფლებების კონტექსტში, EUAA-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორები, ყურადღებას ამახვილებენ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ წლიურ ანგარიშებზე, მათ შორის, მაგალითად, Freedom House-ის ანგარიშზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს 100-დან 58 ქულა და „ნახევრად თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი აქვს.

მკვლევრები აქცენტს აკეთებენ კიდევ ერთ ანგარიშზე, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციას „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ეკუთვნის და რომლის თანახმადაც, 2022 წელს საქართველო მნიშვნელოვნად დაქვეითდა მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში - 59.9 ქულით 180-დან 89-ე ადგილზე. ამ ნეგატიურ შედეგზე კი გავლენა იქონია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარმა მასობრივმა ძალადობამ და მას შემდეგ, ჟურნალისტებზე გახშირებულმა ფიზიკურმა თავდასხმებმა.

ამავე კონტექსტში, EUAA-ს ანგარიშის ავტორებს მაგალითად მოჰყავთ 2022 წლის 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც, სადაც საუბარია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

EUAA-ს თანახმად, საქართველოდან მიგრაციის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური გამოწვევებია. გამოკვლევის ავტორები წერენ, რომ საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთთან, ნეგატიურად აისახა უკრაინაში რუსეთის შეჭრა, "რაკიღა ომი მკაფიო გავლენას ახდენს ვაჭრობაზე, პირდაპირ ინვესტიციებზე, ფულად გზავნილებზე, ფასებსა და ლოგისტიკაზე".

ანგარიშის ავტორები აზუსტებენ, რომ წლიური ინფლაციის 13%-იანი მაჩვენებელი პირდაპირ აისახა საკვები პროდუქტის ფასებზე. მათ შორის, გაიზარდა ფასები ბოსტნეულზე (+33%), ხილზე (+32%), რძესა და რძის ნაწარმზე (+20%), ზეთსა და ცხიმზე (15%), ხორცზე (11%) და ა.შ.

რატომ მიდის სალომე იტალიაში?

ჯერ არ წასულა, მაგრამ უკვე უკან დაბრუნებაზე ფიქრობს სალომე (სახელი შეცვლილია). უკან დაბრუნებაზე კი იმიტომ ფიქრობს, რომ აქ მშობლები რჩება და გარდა ფინანსური დახმარებისა, მალე მათ ფიზიკურადაც დასჭირდება გვერდში დგომა.

24 წლის სალომე მთიულეთის ერთ-ერთი პატარა სოფლიდანაა. თბილისში ბინა არ აქვს. ხან რესტორანში იმუშავა მიმტანად, ხან მაღაზიაში კონსულტანტად, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ვერც ბინის ქირისა და ვერ სწავლის ფულს ვერ აგროვებდა, ისევ სოფელში დაბრუნდა.

სალომეს მამა პენსიონერია. დედა სოფლის მაღაზიაში მუშაობდა, თუმცა, მაღაზია დაიხურა და ისიც სამსახურის გარეშე დარჩა.

სალომე არასდროს ყოფილა საზღვარგარეთ. ახლა მას გეზი იტალიისკენ აქვს. ბილეთის ფული ჯერ არ უშოვია. იმედი აქვს, რომ მის დას ბანკი სესხს დაუმტკიცებს და სწორედ ამ თანხით იყიდის ბილეთს. იტალიაში წასვლას სექტემბერში გეგმავს. უცხოეთში წასასვლელად კონკრეტული მიზეზები აქვს - დაეხმაროს ოჯახს, რომელიც ახლა, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და მეორე, შეაგროვოს სწავლის ფული.

„აქ ვერ დავიმკვიდრე თავი. პატარა სოფლიდან ვარ. სადაც არც სამსახურია, არც განვითარების შესაძლებლობა. თბილისშიც ვცადე ბედი, მაგრამ შემოსავალი იმდენად დაბალი იყო, რომ საცხოვრებლის ფულსაც ვერ ვიხდიდი. ჩემი რამდენიმე მეგობარი წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ. იქ მოახერხეს ფულის შეგროვება, შემდეგ დაბრუნდნენ და ზოგმა პატარა საქმე წამოიწყო, ზოგმა სწავლის ფული გამოიმუშავა და მერე თავისი პროფესიითაც დასაქმდნენ. მეც ასე ვიფიქრე, ცოტა ხანს გავიჭირვებ, წავალ, ვიმუშავენ, ფულს დავაგროვებ. დედას უკვე ვუთხარი, რომ მივდივარ. განიცდის, მაგრამ ავუხსენი, რომ ჩემთვისაც ასე აჯობებს. მამამ ჯერ არ იცის. წასვლის წინ ვეტყვი. ახლა მთავარია ბილეთის ფული ვიშოვო. საბედნიეროდ, იქ ჩემი თანასოფლელი ქალი მელოდება, რომელიც პირველ ეტაპზე მაინც დამეხმარება,“ - ამბობს სალომე, რომელიც ოცნებობს გრაფიკული დიზაინერი გახდეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველო დატოვა და საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად 99 974-მა ადამიანი. ემიგრანტების 88.6%, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობაა (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი).

13 წელი იტალიაში - სასექტემბროდ აღებული 300-ლარიანი ვალის სანაცვლოდ

საქართველოდან ემიგრირებულთა მზარდი რაოდენობა ადვილად შესამჩნევია შორენა წიკლაურისთვის. ის 13 წელია იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. ხშირად უწევს დახმარება და რეკომენდაციების გაწევა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იტალიაში გეგმავენ სამუშაოდ წასვლას ან უკვე იტალიაში იმყოფებიან და სამსახურის პოვნას ცდილობენ.

შორენამ საქართველოში ორი არასრულწლოვანი შვილი დატოვა. ამ წლების განმავლობაში ეცადა, რომ შვილებიც თავისთან გადაეყვანა, მაგრამ საბოლოოდ, ბავშვებმა მაინც საქართველოში დაბრუნება არჩიეს. დღეს 43 წლის შორენას უკვე შვილიშვილები ჰყავს:

შორენა წიკლაური
შორენა წიკლაური

„ამ წლების გამოცდილებამ დამანახა, რომ ქართველები სასოწარკვეთილები ვართ და არ ვიცით, სად ვეძებოთ სიმშვიდე, სად ვეძებოთ პასუხი კითხვაზე, რას შეჭამენ ხვალ ჩვენი შვილები. აი ზუსტად ამ კითხვებზე პასუხების საძებნელად მიდიან ქართველები საზღვარგარეთ. ამიტომ ჩამოდიან ისინი იტალიაშიც. მე რომ 13 წლის წინ წამოვედი საქართველოდან, თან წამოვიყოლე მეზობლის პროცენტიანი ვალი - 300 ლარი. სასექტემბროდ აღებული ვალი, რომ შვილებისთვის სახელმძღვანელოები და ტანსაცმელი მეყიდა. 13 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა ჩემს ქვეყანაში. ეს არის უბედურება. 13 წლის მერეც კი საქართველოში რომ ჩამოვდივარ ხოლმე და ვიტყვი, იქნებ, ამოვისუნთქო, იმიტომ, რომ მომენატრა შვილებისთვის მოსამზადებელი სადილი, შვილებისთვის დასაუთოებელი ტანსაცმელი... მომენატრა, რომ დედიკოს ვუყიდო წამალი საკუთარი ხელით, მაგრამ მანდ ჩამოსული ვხვდები, რომ ვერა, ვერ დავისვენებ. აქედან უფრო ვჭირდები შვილებს. ვიცი, რომ ჩემი გამოგზავნილი თანხით უფრო დავეხმარები, თუნდაც შორიდან, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დასაქმებულები არიან, შემოსავალი ძალიან დაბალი აქვთ“.

შორენა პირადად იცნობს ემიგრანტ ქალებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო საქართველოში სახლები გაყიდეს და ახლა უცხო ქვეყანაში იბრძვიან სიცოცხლისთვის:

„ახალგაზრდა ქალია. მკერდის სიმსივნით. მკურნალობის ხარჯები რომ დაეფარა, საქართველოში სახლი გაყიდა, მკერდი მოკვეთეს და აქ წამოვიდა სამუშაოდ. სამი წელია იტალიაშია და შრომობს, რომ შვილებს ისევ უყიდოს სახლი. საბედნიეროდ, აქ აქვს იმის საშუალება, რომ უფასოდ იმკურნალოს. სახელმწიფო დახმარებასაც უხდის. ახლა ვცდილობ, რომ შედარებით მსუბუქი სამუშაო ვუპოვო, რადგან მისთვის მძიმეების აწევა არ შეიძლება და იქნებ ჩემსკენ, ფლორენციაში გადმოვიყვანო“.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, ვერ მოახერხა იმდენი თანხის დაგროვება, რომ მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეს, უახლოეს ერთ წელში საქართველოში დაბრუნებას მაინც აპირებს:

„ბევრი ვერაფერი გავაკეთე. ვერ ვიტყვი, რომ მხარგაშლილი ვარ და ფეხზე ვდგავარ. ვერ ვიტყვი, რომ ან ქონება შევიძინე ან სხვა რაიმე. მარტო მე არ ვარ ასე. საქართველოში იმდენად უჭირთ ჩვენს ოჯახებს, რომ აქ, შენი სუფთა შრომით, ვერ აგროვებ იმდენს, რომ თან ოჯახსაც დაეხმარო ყოველთვიურად და თან სიბერეც უზრუნველყოფილი გქონდეს. თუმცა, რა შედარებაა. მე რომ საქართველოში დავრჩენილიყავი, ამის მეათედსაც ვერ მოვახერხებდი, რასაც აქედან ვუკეთებ ჩემს შვილებს. მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ ძალიან მიჭირს აქ გაჩერება. ვხვდები, რომ უნდა დავბრუნდე და ვიცხოვრო ისე, როგორც ყველა ცხოვრობს. იქნებ სამსახურიც ვიშოვო. მე შრომის არ მეშინია. არაუშავს, ვიდგები დილიდან-დაღამებამდე ფეხზე და ვიმუშავებ, აქაც ასე ვდგავარ. შენ თვითონ უნდა დასვა წერტილი. შორიდან თითქოს ისე ჩანს, რომ აქ ძალიან ბედნიერები ვართ. ერთი რამ მინდა იცოდეთ, ფოტოებში გაბედნიერებული ემიგრანტი, არ არის ბედნიერი“.

უკან დაბრუნებულნი

EUAA-ს გამოკვლევის თანახმად, საქართველოდან ემიგრირებულთა დიდ ნაწილს კვლავ საქართველოში დაბრუნება უნდა - „ისინი არ გეგმავენ მასპინძელ ქვეყნებში დიდხანს დარჩენას“, - ვკითხულობთ ანგარიშში. ექსპერტთა განცხადებით, დაბრუნების მიზეზები სხვადასხვაგვარია - დასაქმებული მიგრანტები, რომლებმაც მიაღწიეს მიზანს; ახალგაზრდები, რომლებმაც უცხოეთში მიიღეს განათლება და სამშობლოში ბრუნდებიან; თავშესაფრის მაძიებელნი, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს თავშესაფრისთვის მისაღები აუცილებელი მოთხოვნები და ვეღარ ხედავენ პერსპექტივას, დარჩნენ საზღვარგარეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG