აშშ აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება (NPT) კვლავ ძლიერია, მიუხედავად რუსეთის "ცინიკური ობსტრუქციონიზმისა" - მას მერე, რაც მოსკოვმა დაბლოკა ერთთვიანი განხილვის შედეგად მიღებული გაეროს დოკუმენტის პროექტი ბირთვული გაუვრცელებლობის თაობაზე, რადგან, მისი თქმით, ტექსტის ნაწილი "ღიად პოლიტიკური ხასიათის" იყო.
"კვირების განმავლობაში წარმოებული, ინტენსიური, მაგრამ პროდუქტიული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ მარტომ გადაწყვიტა დაებლოკა კონსენსუსი საბოლოო დოკუმენტზე, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მეათე განხილვის კონფერენციაზე" - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი 28 აგვისტოთი დათარიღებულ განცხადებაში. "რუსეთმა ეს გააკეთა იმ ენობრივი ფორმულირების დაბლოკვის მიზნით, რომელიც უბრალოდ აღიარებდა მძიმე რადიოლოგიურ საფრთხეს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე უკრაინაში - სწორედ იმ გამოწვევას, რომელზე რეაგირებისთვისაც იწვევენ ამ კონფერენციას" - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეშფოთებას იწვევს რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური სადგური, მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურისთვის ცეცხლის გახსნაში - რაც აძლიერებს ბირთვული კატასტროფის შესაძლებლობას. დასავლეთი და უკრაინა რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვენ ადგილზე დაუშვას გაეროს სპეციალისტები. რუსეთი აცხადებს, რომ შემოწმებას დაუშვებს, თუმცა საამისო დროს ჯერ არ აკონკრეტებს.