პარტია "გირჩის" დეპუტატის იაგო ხვიჩიას თქმით, "ქართული ოცნება" ე.წ. მოსმენების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას არ ითვალისწინებს, რადგან "მაღალკვალიფიციურ ექსპერტად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მიაჩნია". ამის შესახებ მან დღეს, 29 აგვისტოს პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"როცა კანონს იღებდნენ, ჩვენ ყველანაირი პოზიცია გვაქვს ამაზე გამოხატული. გვიხარია, რომ ჩვენი და ჩვენი მეგობრების, პარტნიორების პოზიცია ემთხვევა. ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ სამყაროში მაღალკვალიფიციური ექსპერტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია - სწორედ ამიტომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მანამდე, ამ თემაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ გამართა ბრიფინგი. მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას და ყველა პროცესი არის იმიტაციური.
"ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის ყველაზე უფრო რეპრესიული სისტემის გამომხატველი საქართველოში, პოლიტიკური მართლმსაჯულების და მათ შორის, სამოქალაქო სექტორზე, ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე ზემოქმედების იარაღია, გულისხმობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციები, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, არის ადამიანების მოტყუება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ვენეციის კომისიის გადაუდებელი დასკვნა 26 აგვისტოს ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა დასკვნაში წერია, რომ „კანონპროექტი მიღებულ იქნა ნაჩქარევად“ და შემდგომ დამუშავებას მოითხოვს. კომისიის დასკვნაში ასევე წერია, რომ „მეტიც, არასაკმარისი ჩანს საიდუმლო თვალთვალის ზედამხედველობის საერთო მექანიზმი“.
22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება ე.წ. მოსმენების კანონზე.
"ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ვიყოთ უფრო დემოკრატიულები, ევროპელები", - განაცხადა ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.
ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, საგნობრივი კრიტიკა წარმოდგენილი არ არის, მათ შორის, არც ვენეციის კომისიის მიერ, არც პრეზიდენტის მხრიდან:
"ის [პრეზიდენტი] ვალდებული იყო, როცა ვეტოზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოტივირებული შენიშვნები წარმოედგინა. არავითარი მოტივირებული შენიშვნა წარმოდგენილი არ არის და თვითონაც [სალომე ზურაბიშვილმა] ახსნა, როცა ვეტოზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს იყო უფრო პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, ვიდრე სამართლებრივი".
7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ.
ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი. ასევე, ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება გაგრძელდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე შეაფასეს კრიტიკულად. როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. არასამთავრობოების თანახმად, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.
დაწერეთ კომენტარი