Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადრე თუ გვიან, საკითხი გადაწყდა მართებულად, საერთო შეთანხმებით - ვოლსკი ბაქრაძის გაეროში დანიშვნაზე


გია ვოლსკი
გია ვოლსკი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე პრეზიდენტის თანხმობას ეხმაურება და ამბობს, რომ საკითხი საერთო შეთანხმებით დასრულდა და "ხისტ კომენტარებს" აღარ გააკეტებს.

"ინტერესი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შევინარჩუნოთ ცხელი ურთიერთობების ფორმატი, წარუმატებელია. ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდა, გადაწყდა მართებულად, სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული და რასაკვირველია ადრე რომ ყოფილიყო მიღებული უკეთესი იყო. კარგია, რომ ეს საკითხი საერთო შეთანხმებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, აღარ ვფიქრობ რომ ამ თემაზე ხისტი კომენტარები უნდა გავაკეთო", - უთხრა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პარლამენტში.

დღეს, 31 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაეროში მისიის წარმომადგენლად აშშ-ს ყოფილი ელჩი, დავით ბაქრაძე დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარდგინებას ხელი მოაწერა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, "რადიო თავისუფლებამ" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო.

დავით ბაქრაძე ამ პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის. ყოფილმა ელჩმა ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა გამოსამშვიდობებელი ტვიტი და დავით ბაქრაძეს წარმატებაც უსურვა.

ივლისში „პირველ არხთან“ ინტერვიუში პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ უკმაყოფილო იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით ბაქრაძის მუშაობით, რის გამოც გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მის დანიშვნას ხელი არ მოაწერა.

მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბაქრაძის ელჩობის დროს ვერც ვაშინგტონიდან თბილისში და ვერც თბილისიდან ვაშინგტონში ვერ მოხერხდა მაღალი რანგის ვიზიტები. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ელჩმა ვერ უზრუნველყო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის საქართველოს მილოცვის გადაცემა.

როგორც ზურაბიშვილმა თქვა, 37-იდან 36 ელჩის დანიშვნას ხელი მოაწერა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ახლა რჩება ერთი, ბაქრაძის პრობლემა. „ამაზე შეაქვთ საკონსტიტუციოში და სთხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურად იყოს მიღებული ჩემი უმოქმედობა ამ შემთხვევაში. ჯერ არ არის უმოქმედობა, იმიტომ, რომ 15 ივლისის წერილი არის და , ვნახოთ, როგორი მოქმედება მექნება ან უმოქმედობა", - დაამატა პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG