საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესასრულებლად „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელი, პარალელური პროცესი წამოიწყო, შესაბამისი კანონპროექტების ინიცირებას სექტემბრის ბოლომდე აპირებს.
ამ პროცესის მონაწილე ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დღეს, 5 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართულა ოცნებამ“ ევროკომისიისგან რეკომენდაციების მიღებისთანავე დააყენა 3 კონკრეტული დათქმა, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას:
- დეოლიგარქიზაცია არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს და უფრო მეტიც, ოლიგარქები არიან ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და კრიტიკული მედიის დამფუძნებლები;
- „ქართული ოცნება“ არ აღიარებს სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას და პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას, ხოლო სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებას პროცედურული საკითხების ფორმალური გადაწყვეტით ცდილობს;
- „ქართულმა ოცნებამ“ წინსწრებით უარი თქვა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული და უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულებაზე, ხოლო დეპოლარიზაციად მიაჩნია ოპოზიციური სპექტრის და კრიტიკული მედიის გაჩუმება, მათ შორის, ხელისუფლების ანტიდასავლურ გზავნილებზე.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებითვე, პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ რუსული ჰიბრიდული ომის ხერხის გამოყენებით წამოიწყო საინფორმაციო შეტევა პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ელჩებზე, აშშ-ს და ევროკავშირის ინსტიტუტებზე იმ საბაბით, რომ თითქოს ყველა ზემოაღნიშნულს სურდა საქართველოში ომის დაწყება და მეორე ფრონტის გახსნა. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დაკავშირებულია ომში ჩართვასთან და არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან".
ოპოზიციის ნაწილის თანახმად, მოუწია ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად სამუშაო პროცესის დაწყება 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საჭირო ინიციატივების მოსამზადებლად, პროცესი წარიმართა ინკლუზიურად და არასამთავრობო სექტორის ფართო ჩართულობით, "განსხვავებით ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფაქტიურად ერთპარტიული, არაგამჭვირვალე და არაინკლუზიური პროცესისგან", ზაფხულის განმავლობაში მოამზადეს საკანონმდებლო ინიციატივები 12-ვე მიმართულებით და მათი დიდი ნაწილი თანხვედრაშია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და შეესაბამება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელა ინფორმაციით, წინა კვირაში მოხდა შემუშავებული ხედვების და ინიციატივების გაცნობა სამოქალაქო სექტორისთვის, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ფინალური შეხვედრები დეოლიგარქიზაციის, სასამართლო, საარჩევნო და მედია საკითხების მიმართულებით და მომდევნო კვირაში, საბოლოო შეჯერების შემდეგ, დოკუმენტს გაასაჯაროებენ. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება სექტემბრის ბოლომდე იგეგმება.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესასრულებლად „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელ, პარალელურ პროცესში მონაწილეობენ პარტიები: "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "რესპუბლიკური პარტია". დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას, ამ პარტიებთან ერთად ხელს აწერენ დამოუკიდებელი დეპუტატები: თამარ კორძაია, თამარ ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე და ნატო ჩხეიძე.
"ქართული ოცნების" მიერ დაწყებულ სამუშაო პროცესში მონაწილეობაზე საპარლამენტო ოპოზიციიდან უარი არ თქვეს პარტიებმა: "გირჩი", "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები".