Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ნაკრები: ჩვენს კალათბურთელს თბილისში გასახდელთან თავს დაესხნენ


ჰაკან დემირი, თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი
ჰაკან დემირი, თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი

თურქეთის კალათბურთის ნაკრები აცხადებს, რომ მათ მოთამაშეს ფურკან კორკმაზს გუშინ 4 სექტემბერს ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის ფარგლებში გამართული თამაშის შემდეგ თავს დაესხნენ სპორტის სასახლის გასახდელთან. თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტის, ჰაკან დემირის თქმით, თავდასხმაში კალათბურთელებთან ერთად მონაწილეობდნენ როგორც სპორტის სასახლის დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე პოლიციელები. თურქეთის ნაკრები ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს.

"ჩვენ საქართველოში ჩამოვედით როგორც ძმებთან, მეგობარ ქვეყანაში. მოედანზე დაიძაბა სიტუაცია კალათბურთელებს შორის, მაგრამ როცა მოთამაშეები გასახდელში წავიდნენ, მათთან მივიდა საქართველოს ნაკრების სამი წევრი და ასევე დაცვის სამსახურის თანამშრომლები საჩხუბრად. ეს დაუშვებელია. მოედანზე შეიძლება დაპირისპირება მოხდეს, სპორტსმენებს ჰქონდეთ თავიანთი არგუმენტები, მაგრამ მოედნის მიღმა, დაცვის წევრებით და პოლიციელებით ჩხუბი გასახდელებსა და დერეფნებში, დაუშვებელია. ეს არც ჯენტლმენური საქციელი არაა და არც პროფესიული. სამწუხაროა, რომ ასეთი შემთხვევა მოხდა" - თქვა ჰაკან დემირმა თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

თბილისში სპორტსმენებზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა ასევე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა.

„მაშინ, როდესაც ფურკან კორკმაზი გასახდელთან მისასვლელ დერეფანში იმყოფებოდა ჩვენს მწვრთნელთან ერთად, ქართველი მოთამაშეები, რომლებიც არ იყვნენ შემადგენლობაში, თამაშიდან გაძევებულ მოთამაშესთან [იგულისხმება დუდა სანაძე] და პოლიციასთან ერთად თავს დაესხნენ მას. ეს თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო გასახდელში.

მატჩის ბოლოს 30-მა პოლიციელმა ჩაგვითრია ჩხუბში. უკვე მქონდა კომუნიკაცია FIBA-ს წარმომადგენლობასთან. ჩვენ თავს არ მოვიტყუებთ და ნურც სულელები ვეგონებით ვინმეს. მოგვიტანონ ვიდეო ჩანაწერი, წუთი-წუთში. ჩანაწერი, რომელსაც არაფერი აკლია. თუ ამ კადრებს არ მოგვაწოდებენ, შეჯიბრს დავტოვებთ,“ – თქვა ონანმა. ის ამტკიცებს, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობდა შემადგენლობაში არმყოფი და ტრავმირებული მოთამაშე – თორნიკე შენგელია და „სამი ადამიანი, რომელიც სკამზე იჯდა“.

თურქეთის ნაკრების წევრ ფორკან კორკმაზსა და დუდა სანაძეს ინციდენტი მატჩის მიმდინარებისასაც მოხდა.

თამაშის შემდეგ ბერძნულმა Totallbasket-მა გაავრცელა დუდა სანაძის კომენტარი მომხდარის შესახებ. ქართველი კალათბურთელი ამბობს, რომ კორკმაზმა აგრესია მის მიმართ მას შემდეგ გამოხატა, რაც ის დააჯარიმეს და გასახდელშიც თურქი სპორტსმენი სთხოვდა გასვლას.

„მე ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო და მას კი ასეთი რეაქცია ჰქონდა. გულწრფელი რომ ვიყო, იმ მომენტში გამიკვირდა და უცბად, ჩვენ ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ის მეუბნებოდა, რომ გავსულიყავით გასახდელში. ძალიან ცუდი ინციდენტი იყო. ჩვენ მეგობრული ქვეყანა ვართ და ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ იმ წუთას ემოციური დაძაბულობა მაღალი იყო,“ – ამბობს დუდა სანაძე.

რადიო თავისუფლება ცდილობს მომხდარის შესახებ კალათბურთის ფედერაციიდან კომენტარის მიღებას. ნაკრებს და ფედერაციას თურქეთის ბრალდებებზე განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

4 სექტემბერს ევრობასკეტის მესამე დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 88:83 დაამარცხა. 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის თამაშები წელს საქართველოში ტარდება.

XS
SM
MD
LG