Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 სექტემბერს


კობახიძე: არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს

„არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გუშინდელი განცხადება. მელია გამოვიდა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.

„შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი არ არის. ამას საზოგადოება ხედავს (ერთმანეთთან დაპირისპირებას), ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები - სააკაშვილი და მელია ერთმანეთს ვერ იტანენ. ერთმანეთს ერჩიან და ეს გარეთაც არის გამოტანილი, უფრო მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები. ეს არის შიდა დაპირისპირებები, საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. აერიათ ქვეყანაში ვითარება, ყველა ეს მცდელობა ჩავარდა. ესეც განაპირობებს, რა თქმა უნდა, მათ შიდა დაპირისპირებებს. იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში“, - მიიჩნევს ირაკლი კობახიძე.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

კარა მაკდონალდი კელი დეგნანის შესახებ: ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს

თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „დიდება უკრაინას“ მონაწილეობის შემდეგ მედიასთან ილაპარაკა კარა მაკდონალდმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში.

მაკდონალდმა დადებითად ისაუბრა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შესახებ.

ასევე მინდა ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში. ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნესლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება. არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდეით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის“, - თქვა კარა მაკდონალდმა.

წაიკითხე მეტი.

ღარიბაშვილი ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც დღეს ასოცირების საბჭოს სხდომაა დაგეგმილი.

საბჭო აკვირდება, როგორ ასრულებს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომელიც 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებით დაეკისრა. გასულ კვირაში რადიო თავისუფლების ხელში აღმოჩნდა სხდომის სამუშაო დოკუმენტი.

დოკუმენტში ჩამოთვლილია ის საკითხები, რომელზეც ევროპელი დიპლომატები ქართულ დელეგაციას უნდა ელაპარაკონ. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ასეთია - სათანადო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველო შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

ბევრ სხვა საკითხთან ერთად, დოკუმენტში ვკითხულობთ:

  • სამწუხაროდ, სულ უფრო მეტი დეტალი მიანიშნებს, რომ სასამართლოები პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშაა;
  • მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი;
  • ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შესამცირებლად და ქართულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან საბრძოლველად, ევროკავშირთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობაა საჭირო;
  • საქართველომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ადამიანის უფლებების დასაცავი სტრატეგია 2021-30 წლებისთვის, დაიცვას შრომითი უფლებები და უკეთ იმუშაოს უმცირესობების, მათ შორის ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვაზე.

წაიკითხე მეტი.

რუსეთში სასამართლომ ლიცენზია ჩამოართვა ავტორიტეტიან დამოუკიდებელ გამოცემას, "ნოვაია გაზეტას"

მოსკოვის სასამართლომ ლიცენზია ჩამოართვა "ნოვაია გაზეტას" - დამოუკიდებელ გამოცემას, რომლის დაარსებაც ნაწილობრივ დაფინანსდა ყოფილი საბჭოთა ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის მიერ 1990 წელს მშვიდობის დარგში მიღებული ნობელის პრემიის ფულით. ერთ წელზე ნაკლები დროის წინ, 2021 წელს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა.

ბასმანის საოლქო სასამართლომ 5 სექტემბერს განაცხადა, რომ გამოცემის ლიცენზია გააუქმა ქვეყნის მედიის მარეგულირებელი უწყების, როსკომნადზორის თხოვნის საფუძველზე. რუსეთის ამ, ერთ-ერთი უკანასკნელი დამოუკიდებელი გამოცემის წინააღმდეგ როსკომნადზორმა საჩივარი შეიტანა ივლისის ბოლოს - განაცხადა, რომ მფლობელის შეცვლის შემდეგ გაზეთის სარედაქციო საბჭომ იუსტიციის სამინისტროს ვერ წარუდგინა გამოცემის ახალი ქარტია. "ნოვაია გაზეტას" ადვოკატები კი აცხადებენ, რომ 2006 წელს განხორციელებული ცვლილებები არ საჭიროებდა ქარტიის წარდგენას სახელმწიფო უწყებებისთვის.

წაიკითხე მეტი.

რასისტი მეპატრონეები, ხრუშჩოვკები თვეში 500 დოლარად - ქართველ ახალგაზრდებს ბინის პოვნა უჭირთ

რუსეთის ათიათასობით მოქალაქის ჩამოსვლამ საქართველოში ქირის ფასები ცაში ატყორცნა. ამის გამო ბევრი ახალგაზრდა ბინას თვეობით ეძებს. პრობლემა არა მხოლოდ სიძვირესა და ცუდ პირობებშია - თუ თქვენი კანის ფერი თეთრი არაა, საცხოვრებლის პოვნა კიდევ უფრო გაგიჭირდებათ.

„უი, ეს სადაურია? ქართველები მეგონეთ ორივე”, - ჰკითხეს აპრილში ქეთის (სახელი შეცვლილია), როცა ბინის დასათვალიერებლად ნიგერიელ პარტნიორთან ერთად მივიდა.

ეს პირველი შემთხვევა არ იყო. მეპატრონეები მის შეყვარებულს „გადმოკარკლული თვალებით” მანამდეც უყურებდნენ. ზუსტად იცოდა, რომ ცოტა ხანში ეტყოდნენ: „ბინა უკვე გაქირავებულია”.

ქეთი ჰყვება, რომ ზოგი „არ ერიდებოდა პირდაპირ იმის თქმას, რომ მხოლოდ თეთრკანიანებს უშვებს ბინაში”, ზოგი მის შეყვარებულს „დაჰყვებოდა კუდში და არც ერთი წამით არ ტოვებდა მარტოს”.

წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.

2021 წლის აპრილში, ერთ-ერთ ტელეშოუში, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი სისასტიკეში დაადანაშაულა - გვიამბო სისტემატურ ძალადობაზე, რომელსაც წლინახევრის განმავლობაში განიცდიდა მეუღლის მხრიდან მცირეწლოვანი შვილის თვალწინ. ნინუცა მაყაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, იგი აღნიშნავდა, რომ მისი მიზანი არა ქმრის დასჯა, არამედ ძალადობის მსხვერპლი ქალების გამოფხიზლება და მათ მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იყო.

„შვილის“ ახალი ეპიზოდის გმირი გვიამბობს, როგორი იყო ქართული საზოგადოების რეაქცია მის სატელევიზიო აღსარებაზე, გვიყვება დედაზე, მსახიობ თამარ მაყაშვილზე, რომელიც პირველი იყო, ვისაც ნინუცამ დახმარება სთხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG