Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Credit Suisse-ი თავის სატრასტო ბიზნესს ყიდის კომპანიაში მიმდინარე გარდაქმნების ფარგლებში


Credit Suisse Group-ი ყიდის თავის სატრასტო ბიზნესს, ოფშორულ განყოფილებას მდიდარი კლიენტებისთვის. ეს გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როცა კომპანია იწყებს თავისი ბიზნესის საფუძვლიან გარდაქმნას სკანდალების სერიის შემდეგ.

გაყიდვის შესახებ გამოცხადდა, როცა შვეიცარიული ბანკი სასამართლოში იცავდა თავს მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის სარჩელის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებული იყო მის სატრასტო განყოფილებასთან სინგაპურში.

Credit Suisse-მა განაცხადა, რომ სხვათა შორის გაყიდის სინგაპურის სატრასტო ბიზნესს და მომავალ წლებში შეამცირებს იურიდიულ პირებსა და „სხვა ბიზნესებს“.

2022-ს კომპანიამ უწოდა „გარდამავალი“ წელი, როცა მოხდება ხელმძღვანელობის ცვლილება, რესტრუქტურიზაცია რისკების შესამცირებლად. ამის ფონია სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ ბანკი შეიძლება სხვამ იყიდოს ან დაიშალოს.

ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობა აგვისტოში დაიკავა 59 წლის ულრიხ კერნერმა. მანამდე ორი წლის განმავლობაში Credit Suisse-ს უმძიმესი პერიოდი ჰქონდა - ბანკმა უზარმაზარი ზარალი ნახა, მისი აქციები 40%-ით დაეცა.

მიმდინარე კვირაში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლოზე განაცხადა, რომ Credit Suisse-მა არ მიმართა ზომებს, რომ თავიდან აეცილებინა ივანიშვილის კუთვნილი 1,27 მილიარდი დოლარის დაკარგვა.

ივანიშვილმა Credit Suisse-ს სინგაპურში ბრალი დასდო იმაში, რომ მან ვერ შეძლო მისი ინვესტიციების დაცვა და „სათანადო ზომების მიღება“ დანაკარგებისგან მის დასაცავად, რაც დაკავშირებული იყო ჟენეველი ბანკირის, პატრის ლეკოდრონის მიერ ჩადენილ თაღლითობასთან.

Credit Suisse-ის სატრასტო განყოფილებამ განაცხადა, რომ ივანიშვილის მოთხოვნა გადაჭარბებულია და სასამართლოს მოსთხოვა მისი უარყოფა.

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილმა ფინანსური ზარალი მიიღო.

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

მისი დავა შვეიცარიულ ბანკთან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომლის მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლეკოდრონი, იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.

XS
SM
MD
LG