Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგეგმება დნმ-ის კოდისა და თითის ანაბეჭდების ბაზების შექმნა - მიზნები და რისკები


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის თანახმად, კანონპროექტის, „დნმ-ის კოდისა და დაქტილოსკოპიური მონაცემების ერთიანი ბანკების შექმნის შესახებ“ მიზანი იქნება „საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება“.

კანონპროექტის აღწერაში, რომელიც ჯერჯერობით პარლამენტში ინიცირებული არ არის, ვკითხულობთ, რომ ამ ტიპის მონაცემთა ბაზის დახმარებით, გამოძიებას საშუალება ექნება დაადგინოს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა, ისე განსაზღვროს უდანაშაულო პირებიც:

„საერთაშორისო პრაქტიკამ ცხადყო, რომ დნმ-ის კოდის და თითის ანაბეჭდის ნიმუშების დამუშავება გამოძიების თანამედროვე მეთოდებს შორის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს მსგავსი სახის მონაცემთა ბაზა, რომელშიც მოთავსდება და შეინახება დნმ-ის კოდის პროფილი. გამომდინარე აქედან, შემუშავდა „დნმ-ის კოდისა და დაქტილოსკოპიური მონაცემების ერთიანი ბანკების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დნმ-ის კოდის მონაცემთა ბანკის შექმნისთვის საჭირო საკანონმდებლო რეგულაციის შექმნას“.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში დაქტილოსკოპიური თუ გენეტიკური პროფილისა და სხვა მონაცემთა ბაზებზე პასუხისმგებელი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტია. სწორედ ამ უწყებაშია დაცული კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების თითის ანაბეჭდები და ამ დეპარტამენტის კომპეტენციას წარმოადგენს საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა.

დიდი ბრიტანეთის პრაქტიკა

ის, რომ ეფექტიანი გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თითის ანაბეჭდებისა თუ დნმ-კოდის სრულყოფილ მონაცემთა ბაზის არსებობას, ამაზე მეტყველებს საერთაშორისო გამოცდილება და მათ შორის, მაგალითად დიდი ბრიტანეთის მაგალითიც, რომელიც დღეს დნმ-ის ნიმუშების ერთ-ერთი ყველაზე დიდ ბაზას ფლობს მსოფლიოში.

დიდი ბრიტანეთის ეროვნულ დნმ ბაზაში, რომელიც 1995 წელს შეიქმნა, 2020 წლის მონაცემებით, ინახება დაახლოებით 6,6 მილიონი ნიმუში. დანაშაულის ადგილიდან აღებული და ბაზაში არსებული ნიმუშების შედარება, სამართალდამცავებს უადვილებს დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანების იდენტიფიცირებასა და შედეგად ზრდის დანაშაულების გახსნის მაჩვენებელს.

მაგალითისთვის, 2013 წლის მხოლოდ სამი თვის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის ეროვნულ დნმ ბაზაში არსებულ ნიმუშებს დაემთხვა მკვლელობაში მონაწილე 37 პირის ნიმუში, გაუპატიურების საქმეში არსებული 103 ნიმუში და 6 141 ნიმუში სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებებიდან, მათ შორის ძარცვა თუ ავტომობილის ქურდობა.

თავდაპირველად, 1995 წელს, როდესაც დიდი ბრიტანეთის ეროვნული დნმ ბაზა შეიქმნა, მასში დაცული იყო მსჯავრდებული ან განაჩენის მომლოდინე პირების გენეტიკური პროფილები და იმ შემთხვევაში, თუკი პირი უდანაშაულოდ ცხადდებოდა, ნიმუშები ნადგურდებოდა.

თუმცა, წლების განმავლობაში, გენეტიკური ნიმუშების აღების, გამოყენებისა და შენახვის კანონები იცვლებოდა, ამის შედეგად კი ბაზაში დაცული მონაცემების რაოდენობა იზრდებოდა და ბაზა შეიცავდა როგორც დამნაშავე და კრიმინალთან კონფლიქტში მყოფი პირების გენეტიკურ პროფილებს, ისე უდანაშაულო პირების, მათ შორის, ბავშვების გენეტიკურ ნიმუშებსაც და თან განუსაზღვრელი ვადით.

უკვე 2008 წლისთვის, ბრიტანეთის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციას უფლება ჰქონდა თანხმობის გარეშე აეღო დნმ ნიმუშები ყველა დაკავებული პირისგან. გამონაკლისები იყვნენ მხოლოდ ისინი, რომლებიც „უმნიშვნელო დანაშაულისთვის“ იყვნენ დროებით დაკავებულნი.

2008 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დნმ ბაზებში არ უნდა ინახებოდეს უდანაშაულო პირების დნმ მონაცემები.

2012 და 2013 წლებში, თავისუფლების დაცვის შესახებ კანონის საფუძველზე, დიდი ბრიტანეთის დნმ ბაზებიდან წაიშალა 1 766 000 დნმ ნიმუში, რომლებიც აღებული იყო უდანაშაულო პირებისა და ბავშვებისგან. მათთან ერთად დნმ-ის ეროვნული ბაზიდან წაიშალა 1 672 000 თითის ანაბეჭდიც. ამის პარალელურად, ბაზას დაემატა სექსუალური ძალადობაში მხილებული და მკვლელობაში მსჯავრდებული პირების 6800 დნმ ნიმუში.

რას ფიქრობს დარგის სპეციალისტი?

ზაზა ალთუნაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურს. 90-იანი წლების მიწურულს, ის აქტიურად უჭერდა მხარს ქვეყანაში ელექტრონული დაქტილოსკოპიური ბაზის შექმნას, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, მაშინ მისმა ამ ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

მართალია, მოგვიანებით, 2000-იანი წლების დასაწყისში, თითის ანაბეჭდების ელექტრონული ბაზა, ანუ კარტოთეკა, მაინც შეიქმნა, მაგრამ ზაზა ალთუნაშვილი ამბობს, რომ ეს ბაზა არ არის სრულყოფილი და დანაშაულების გახსნის დახმარების თვალსაზრისით ნაკლებეფექტურია:

„თითის ანაბეჭდების ბაზა არსებობს მას შემდეგ, რაც ზოგადად არსებობს კრიმინალისტიკური აღრიცხვიანობა. ეს ბაზა ძირითადად ივსებოდა და ივსება გაუხსნელ საქმეებში ამოსული თითის ანაბეჭდებით და ასევე გასამართლებული პირების თითისა და ხელის გულის ანაბეჭდებით. როდესაც 90-იანი წლების მიწურულს დავიწყე ლაპარაკი იმაზე, რომ შექმნილიყო თითის ანაბეჭდების ელექტრონული სრულყოფილი ბაზა, მაშინ დამიპირისპირდნენ და მითხრეს, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დიახ, უნდა არსებობდეს სრულყოფილი ბაზა. თუკი წესიერი ადამიანი ვარ, რატომ უნდა მეშინოდეს, რომ ბაზაში იარსებებს ჩემი თითის ანაბეჭდები? წლებია შსს-ში არსებობს დაქტილოსკოპიური ბაზა, მაგრამ ეს ბაზა არ არის საყოველთაო. ანალოგიურად ვუყურებ დნმ-კოდის ბაზის შექმნასაც. მე არანაირი პრობლემა არ მექნება, რომ ჩემი მონაცემები არსებობდეს ამ ტიპის ბაზებში. ეს პირველ რიგში, გაუხსნელი საქმეების გახსნას შეუწყობს ხელს. დამნაშავისა თუ უდანაშაულო ადამიანის დადგენისთვის ამ ტიპის მონაცემთა ბაზის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“.

იურისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები დნმ ბაზის შექმნის შესახებ

იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში დანაშაულის გახსნის სტატისტიკა საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება და როგორც წესი, გახსნილი საქმეების პროცენტული მაჩვენებელი ჩამორჩება გაუხსნელი საქმეების მაჩვენებელს, ეკა ქობესაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კარგია, თუკი ქვეყანაში გაჩნდება ისეთი შესაძლებლობა, რაც დანაშაულების გახსნას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, თითის ანაბეჭდების დღეს არსებული ბაზა არ არის სრულყოფილი და ხშირად, დანაშაულის გახსნის ხელის შემშლელი ფაქტორი სწორედ ის არის, რომ დანაშაულის ადგილზე ამოსული თითის ანაბეჭდებისა და ბაზაში არსებული ანაბეჭდების შედარების საშუალება არ არსებობს. ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს თითის ანაბეჭდების ერთიანი, სრულყოფილი ბაზა:

ეკა ქობესაშვილი
ეკა ქობესაშვილი

„როდესაც პასპორტის, პირადობის მოწმობის ასაღებად მივდივართ, ჩვენ იქ ვტოვებთ ჩვენს ელექტრონულ თითის ანაბეჭდებს. ამ თვალსაზრისით, რატომ არ შეიძლება, რომ ეს ანაბეჭდები მიუერთდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ ბაზას? ჩვენ წლებია გვაქვს თითის ანაბეჭდის დატოვების პრაქტიკა საჯარო რეესტრში და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ბაზების დახვეწა და გაერთიანება, გამართლებული იქნება გამოძიების ინტერესებიდან და საქმეების გახსნის მაჩვენებლების გაუმჯობესებიდან გამომდინარე“.

თუმცა, ამის პარალელურად, ეკა ქობესაშვილი შიშობს, რომ მთავრობის ამ ერთი შეხედვით, კეთილშობილური ინიციატივის მიღმა, შესაძლოა არსებობდეს სერიოზული რისკიც, რაც დნმ ნიმუშების ბაზის შექმნას უკავშირდება:

„როგორ მოხდება ამ ბაზების შენახვა? ვის ექნება ამ ბაზებზე წვდომა? ხომ არ დადგება საფრთხის ქვეშ პირის პერსონალური მონაცემები? ამის რისკი ნამდვილად არსებობს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, გამოძიებისა და საგამოძიებო უწყებების მუშაობის სტილს, სადაც ჩვენი პერსონალური მონაცემები მუდამ დგას საფრთხის ქვეშ. დნმ ნიმუშების შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა ძალიან სარისკოა და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საგამოძიებო სამსახური ამისთვის მზად არ არის. უნდა არსებობდეს მყარი გარანტია, რომ პირის დნმ ნიმუში არ იქნება გამოყენებული ბოროტი მიზნებისთვის. ბოლოს და ბოლოს, ისეთი ქვეყანა ვართ, სადაც ყოფილი გენერალური პროკურორი გვყავს გასამართლებული და დანაშაულში მხილებული, ანალოგიურად სუს-ის მაღალი თანამდებობის პირები. რა გარანტია გვაქვს, რომ ამ ბაზებს მუდამ დაიცავენ კეთილსინდისიერი პირები და ეს ნიმუშები ბოროტი მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული?“

ფაქტობრივად, ანალოგიურ რისკზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან იურისტი და ანალიტიკოსი, სალომე წიკლაურიც. მისი თქმით, ერთი მხრივ, მსგავსი ტიპის ინფორმაციის შენახვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას არღვევს, თუმცა, მეორე მხრივ, რაკიღა ეს უფლება აბსოლუტური არ არის, ლეგიტიმური მიზნის (მაგ. დანაშაულის პრევენცია) არსებობის შემთხვევაში, ჩარევა შესაძლოა, გამართლებულიც იყოს, მაგრამ ამასთანავე, მისი თქმით, აუცილებელია, რომ ყურადღება მიექცეს იმ სამართლებრივ გარანტიებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს დაიცავს:

„მაგალითად, ყურადღება გამახვილდეს ისეთ საკითხებზე, თუ რა ვადით მოხდება მონაცემების შენახვა, როგორ დამუშავდება ისინი, იქნება თუ არა შესაძლებელი განადგურების მოთხოვნა და ა.შ. თუნდაც მსჯავრდებული პირის მიმართ უნდა არსებობდეს მონაცემების შენახვასთან დაკავშირებით გარანტიები. ამგვარი მონაცემების ზოგადი და უვადო შენახვა, შესაძლოა რისკის შემცველი იყოს ადამიანებისთვის“.

მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის 2022 წლის მოკლევადიანი გეგმის თანახმად, დნმ-ის ერთიანი ბანკის შექმნაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 000 000 ლარი უნდა დაიხარჯოს. ამასთან, დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა დაფინანსდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, კანონპროექტი, ამ ეტაპზე, მხოლოდ სამთავრობო გეგმის კანონშემოქმედებითი საქმიანობის ფარგლებში არსებობს. შესაბამისად, კანონპროექტის დეტალების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მასზე მუშაობა დაიწყება და შემდეგ უკვე პარლამენტს ინიციატივის სახით წარედგინება.

XS
SM
MD
LG