შვედეთში 11 სექტემბერს გამართულ არჩევნებზე გამარჯვებული ჯერ ვერ გამოვლინდა. მემარცხენე-ცენტრისტულ კოალიციას, რომელსაც მეთაურობს პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერშონი, და მემარჯვენე პარტიებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.
12 სექტემბრის დილის მონაცემებით, მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტული ძალები პარლამენტის 175 ადგილს დაიკავებენ, ხოლო მემარცხენეები - 174-ს.
საბოლოო შედეგებს 14-15 სექტემბერს მოელიან.
დასათვლელია საფოსტო კენჭისყრის და საზღვარგარეთ მიცემული ხმები. ამ ეტაპზე განსხვავება შესაძლებელ საპარლამენტო ბლოკებს შორის 50 ათას ხმას უდრის.
ხმების რაოდენობით პირველ ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია, მმართველი კოალიციის მთავარი პარტია. სოციალ-დემოკრატები შვედეთში ტრადიციულად პირველები არიან 1917 წლის შემდეგ.
მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „შვედი დემოკრატები", რომელმაც 20 პროცენტი მოაგროვა. ეს შედეგი ითვლება არჩევნების მთავარ სენსაციად, თუმცა მოსალოდნელი იყო. "შვედი დემოკრატები" პარლამენტში 2010 წელს შევიდნენ და ყველა არჩევნებზე სტაბილურად იღებდნენ მეტ ხმებს. პარტიის პოპულარობა გაიზარდა უკანასკნელი წლების მასობრივი მიგრაციის შემდეგ, განსაკუთრებით 2015 წელს, რომელიც კრიზისული იყო ევროპაში, და როცა ცალკეულ რაიონებში კრიმინალური ვითარება გაუარესდა. პარტიას ფესვები აქვს თეთრ ნაციონალისტურ მოძრაობაში, თუმცა წლების წინ ექსტრემისტების თავიდან მოშორება დაიწყო. ამის მიუხედავად, ამომრჩევლები მას დიდხანს მიუღებლად მიიჩნევდნენ, ხოლო სხვა პარტიები თავს არიდებდნენ. ბოლო ხანებში ეს ტენდენცია შეიცვალა.