საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა "მოსმენების კანონის" გაფართოების კანონპროექტს, რომელსაც ვეტო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადო. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ არც პრეზიდენტის ვეტოში და არც ვენეციის კომისიის დასკვნაში საუბარი არ არის სამართლებრივ პრობლემებზე.
"ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან მის გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტი დადგენილი წესით, არადაჩქარებული სახით განიხილეს და პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ "რელევანტურ სახელმწიფო უწყებებს, ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას და ყველა დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორს".
"ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებთან თუ საერთაშორისო აქტორებთან მსჯელობის პროცესში დადასტურდა, რომ აღნიშნული კანონი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ვეტოს განხილვის პროცესმაც დაადასტურა, რომ რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე, რომელ უფლებრივ სტანდარტს არღვევს მოცემული კანონი, პასუხი არ არსებობდა", - თქვა მან და დასძინა, რომ კანონის მიღების მიზანშეწონილობის გადაწყვეტა საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაა.
კანონპროექტი, რომელსაც საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებდნენ, საქართველოს პარლამენტმა 7 ივნისს მიიღო. 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად, გამოიყენა ვეტო და ის ე.წ. მოსმენების კანონის ახალ რედაქციას დაადო. მან ამ კანონთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნისთვის ვენეციის კომისიას 1 ივლისს მიმართა.
ვენეციის კომისიის დასკვნა ევროპის საბჭოს ვებგვერდზე 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. კომისიის მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ფარული საგამოძიებო მოქმედების - პროცედურის შეცვლის შესახებ ნაჩქარევადაა მიღებული და გადახედვას საჭიროებს.
დასკვნის გაცნობის შემდეგ, 6 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და პარლამენტის პირველსავე საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს საშუალებას აძლევს მოუსმინოს უფრო მეტ მოქალაქეს უფრო მარტივად.
დაწერეთ კომენტარი