ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეს, გიორგი ძაგნიძეს, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა დაკიდა, 500 ლარის გადახდა მოუწევს. სასამართლოს 13 სექტემბრის გადაწყვეტილება მედიისთვის ცნობილი დღეს, 16 სექტემბერს, გახდა.
ქუთაისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქალაქეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 31 აგვისტოს შეუდგინა - ინსპექციამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე "თვითნებური მოქმედება" "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 150-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილით უნდა დასჯილიყო და კაცი 500 ლარით დაჯარიმებულიყო.
ქუთაისი მერიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ რუსეთის დროშა პარკში მოქალაქემ 29 აგვისტოს დაკიდა. პარკის ადმინისტრაცია განმარტავდა, რომ დროშა არასამუშაო საათებში გამოიფინა და ის დაცვის თანამშრომელმა შენიშნა - მიუთითა და ჩამოხსნეს. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, თუმცა კამერა, რომელსაც ფაქტი უნდა დაეფიქსირებინა, დროებით გამორთულია სარემონტო სამუშაოების გამო.
საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დროშის დაკიდების შესახებ ცნობილი სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკით გავრცელებული ვიდეოთი გახდა. მასში ჩანდა პარკის შესასვლელში, დროშის სადგარზე დაკიდებული რუსეთის დროშა და ორი კაცი. ერთი მათგანი რუსულ ენაზე ამბობდა, რომ "საქართველო რუსეთის დროშის ქვეშ უნდა იყოს".
დაწერეთ კომენტარი