Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: ნაწილობრივი მობილიზაციით პუტინი მიდის მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე


მოსკოვში აკავებენ პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეს. 2022 წლის 21 სექტემბერი
მოსკოვში აკავებენ პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეს. 2022 წლის 21 სექტემბერი

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება ფაქტობრივად, იმის აღიარებაა, რომ რუსეთმა ამოწურა უკრაინაში ომის მსურველი მოხალისეების მარაგი.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციისა და პირადი შემადგენლობისთვის 300 ათასი ადამიანის შეკრების პროცესში რუსეთი წააწყდება ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ პრობლემებს, მობილიზაციის შედეგად შექმნილი ფორმირებები კი, ბრძოლისუნარიანი ვერ გახდება რამდენიმე თვის განმავლობაში.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებითვე, ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მოსახლეობის ნაწილში საკმაოდ არაპოპულარული იქნება. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პუტინი საჭირო საბრძოლო ძალის მოპოვების იმედით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 21 სექტემბერს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

რუსეთის არმიაში მნიშვნელოვანი დანაკარგის, მის შევსებასთან დაკავშირებული პრობლემების და უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლოდროინდელი წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, სხვადასხვა წყაროთი სულ უფრო ხშირად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთი მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავდა.

XS
SM
MD
LG