Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მოსკოვის მიერ კონტროლირებულ ადგილებში მეორე დღეა გრძელდება კენჭისყრა ანექსირების საკითხზე


უკრაინის ოთხ რეგიონში, რომლებიც ნაწილობრივ მოსკოვის მიერაა ოკუპირებული, მეორე დღეა გრძელდება ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე - კენჭისყრას ყალბს უწოდებენ უკრაინა, დასავლეთი და გაერო, რადგან ის საერთაშორისო სამართლით უკანონოა.

ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთის მიერ კონტროლირებულ ადგილებში მიმდინარე კენჭისყრის ფონია ევროპაში ყველაზე მასშტაბური კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კენჭისყრა წინააღმდეგობაში მოდის გაეროს ქარტიასთან. ვრცელდება რამდენიმე ადგილობრივი ოფიციალური პირის სიტყვები, რომ ამომრჩევლებს ემუქრებიან, და მათზე ზეწოლა ხორციელდება.

კენჭისყრას არ ჰყავს საერთაშორისო დამკვირვებლები, ადგილები ომის გამო დატოვა ბევრმა მცხოვრებმა. ეს ოთხი რეგიონი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს დაგმოს "ფსევდორეფერენდუმები", რომელთა მიზანია უკრაინის მიწების ანექსირება. "მსოფლიო აბსოლუტურად სამართლიან რეაგირებას მოახდენს ფსევდორეფერენდუმებზე - ისინი ცალსახად დაგმობილ იქნება", თქვა ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ღამის გამოსვლაში, 23 სექტემბერს.

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მკაცრად დაგმო ეს ნაბიჯი და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვს კიდევ მეტი სანქცია დაეკისრება.

XS
SM
MD
LG