Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვითარება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 სექტემბერს


რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვრის ქვეითად გადმოკვეთის ნებაც დართეს

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უძრავად მყოფი ტრანსპორტის გრძელი რიგია. რუსეთის მხარეს ასობით მანქანაა თავმოყრილი, რაც დრონით გადაღებულ არაერთ კადრში აისახა.

რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი ნაკადის ფონზე ჩრდილოოსური „ტელეგრამ"-არხი იუწყება, რომ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთმა ქვეითებისთვის დაწესებული შეზღუდვა გააუქმა. ახლა უკვე გადაადგილება შესაძლებელია ავტომობილით, ველოსიპედითა და ფეხით.

რუსეთის სახმელეთო საზღვრებთან გრძელი რიგები მას მერე გაჩნდა, რაც პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

მიუხედავად მასობრივი მიგრაციისა, რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას არ ჩქარობს. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, "ამის შესახებ გადაწყვეტილებები არ ყოფილა მიღებული".

მობილიზაციას აპროტესტებენ ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტანის რესპუბლიკაში, მაჰაჩყალასა და ხასავიურტში.

გუშინ, 26 სექტემბერს ხასავიურტსა და მაჰაჩყალაში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნალჩიკში კი მომიტინგეებთან ადგილობრივი ჩინოვნიკები გავიდნენ, თუმცა უარი თქვეს პასუხები გაეცათ კითხვებისთვის იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს შეეხება მობილიზაცია რესპუბლიკაში.

ვინ და როგორ აპროტესტებს მობილიზაციას რუსეთში? წაიკითხე ვრცლად თორნიკე მანდარიას სტატიაში.

პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მისი მონაყოლი ისტორია უბრალოდ ტყუილია

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გუშინ, 26 სექტემბერს გამოეხმაურა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტიაში ძალთა გადანაწილება მიდის. მან პეტრე ცისკარიშვილი გააკრიტიკა, რადგან, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციებისთვის რესურსის გამოყოფაზე უარი თქვა.

პეტრე ცისკარიშვილმა ვრცელ პოსტში ფეისბუკზე ნანუკა ჟორჟოლიანს ურჩია, ებრძოლოს “რუსულ ოცნებას”, „ნაცვლად იმისა, რომ ბოროტი ეჭვის, უიმედობისა და ხელჩაქნეულობის გაღვივებით ახარებდეს ქვეყნის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მისი დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მოსისხლე მტრებს“.

მისი თქმით, სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში არც ერთი ნაბიჯი მასთან შეუთანხმებლად არ გადადგმულა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამ კანდიდატს ასახელებენ

სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს ასახელებენ. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კანდიდატების ვინაობასთან დაკავშირებით წყარომ მიაწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელია და ძირითადად, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობს; ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელია, მანამდე ის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო, ბოლო წლების განმავლობაში ჯანეზაშვილი სასამართლოს საკითხებზე მუშაობს.

მესამე კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე, მოქმედი სახალხო დამცველის პირველი მოადგილეა. მანამდე ის „ღია საზოგადოების ფონდში“ მუშაობდა.

წაიკითხე მეტი.

პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა აშშ-ში ჯაშუშობაში ბრალდებულ ედვარდ სნოუდენს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა აშშ-ის უსაფრთხოების ყოფილ კონტრაქტორს, ედვარდ სნოუდენს, რომლის მეშვეობითაც გაჟონილმა ინფორმაციამ და რომლის აშშ-ის მართლმსაჯულებისგან გაქცევამ გამოამჟღავნა აშშ-ის სადაზვერვო მასალების მოპოვების მკაცრად გასაიდუმლოებული ძალისხმევა.

სნოუდენი თავის მოქმედებას აღწერდა მცდელობად, ფარდა აეხადა აშშ-ის ელექტრონული, სადაზვერვო, კანონის კუთხით საეჭვო პროგრამისთვის.

სნოუდენი ერთ-ერთია იმ ათეულობით პირს შორის, რომლებსაც პუტინის მიერ 26 სექტემბერს გაცემული ბრძანებით მოქალაქეობა მიენიჭათ.

სნოუდენის რუსმა ადვოკატმა, ანატოლი კუჩერენამ სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ მის კლიენტს არ შეეხება უკრაინაში ომისთვის გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია, რადგან მას არასოდეს უმსახურია რუსეთის არმიაში.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის მოკავშირე ყაზახეთი არ აღიარებს ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს

ყაზახეთი, რომელიც რუსეთის ახლო მოკავშირეა, არ აღიარებს იმ ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს, რომლებიც მოსკოვმა ჩაატარა რუსეთის ჯარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინაში.

როგორც ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აიბეკ სმადიაროვმა 26 სექტემბერს თქვა, ასტანა "ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის" პრინციპს აფუძნებს თავის პოზიციას უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მიმდინარე რეფერენდუმებზე.

სმადიაროვის თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ღიად გამოხატა მისი ქვეყნის პოზიცია უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების იმ ნაწილებზე, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 2014 წლიდან აკონტროლებენ, ისევე, როგორც უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების არეალებზე, რომლებსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები მიმდინარე წლის მარტში დაეპატრონენ.

წაიკითხე მეტი.

ირანი უარყოფს ევროკავშირის კრიტიკას დემონსტრაციებზე ზეწოლაზე, იზრდება მსხვერპლის რიცხვი

ირანი უარყოფს დასავლეთის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას თეირანის მიერ განხორციელებულ სისხლიან ზეწოლაზე დემონსტრაციების მიმართ, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა, დააკავეს სულ მცირე 1200 პირი. დემონსტრაციები 26 სექტემბრის ღამესაც გაგრძელდა. პროტესტის ტალღა მოჰყვა 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს მას მერე, რაც ის მორალის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო.

ირანის მართლმსაჯულების წარმომადგენლების თქმით, მათ საგანგებო სასამართლოები გამართეს დემონსტრანტების გასასამართლებლად, დემონსტრანტებს ისინი "უცხოეთიდან დაქირავებულებს" უწოდებენ.

მღელვარება მოედო 80-ზე მეტ ქალაქსა და დასახლებას, მათ შორის მაჰსა ამინის მშობლიურ ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში. თვითმხილველების და ოჯახის წევრების თქმით, მაჰსა ამინის სცემეს მას მერე, რაც ის 13 სექტემბერს თეირანში დააკავა მორალის პოლიციამ.

წაიკითხე მეტი.

მეც დამირეკეს - ვინ აძლევს სარიტუალო ბიუროებს ჭირისუფლის ტელეფონის ნომერს?

რადიო თავისუფლებასთან საუბარში არაერთი ადამიანი ჰყვება, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მათ სარიტუალო სერვისიდან დაურეკეს და მომსახურება შესთავაზეს. ახლობლის გარდაცვალების მძიმე წუთებში ამაზე არ უფიქრიათ, თუმცა მოგვიანებით ყველას გაუჩნდა ერთი და იგივე კითხვა - ვინ მისცა მათი მობილურის ნომერი დამკრძალავ ბიუროს?

დაახლოებით ერთი თვის წინ, ბებიის სიკვდილიდან ერთ საათში, ანასტასია სლოვინსკაიამ 112-ში დარეკა და როგორც წესია, მათ ოჯახის წევრის სახლში გარდაცვალების ამბავი აცნობა. ეს ზარი იმისთვის არის საჭირო, რომ 112-მა პოლიციას და სასწრაფო დახმარების ბრიგადას შეატყობინოს. ისინი ადგილზე მიდიან, ერკვევიან გარდაცვალების შესაძლო მიზეზებში, ადასტურებენ სიკვდილის ფაქტს, ავსებენ საბუთებს და ინფორმაციას იუსტიციის სახლში აგზავნიან.

112-ში ზარის შემდეგ მალევე ანასტასიას ტელეფონზე უცნობმა დარეკა. რეკავდნენ რომელიღაც სარიტუალო სერვისიდან. ანასტასიას მიუსამძიმრეს და ჰკითხეს, ხომ არ სჭირდებოდა მათი დახმარება.

რადგან ბებიის გარდაცვალების ამბავი იცოდა 112-მა, სასწრაფომ და პოლიციამ, სწორედ ამან გაუჩინა ანასტასიას ეჭვი - ხომ არ შეიძლებოდა მის პერსონალურ ინფორმაციას სწორედ ამ უწყებებიდან გაეჟონა.

ირღვევა თუ არა მოქალაქეების პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობა? წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

“რო მცოდნოდა რა მელოდა, არ ვიცი, გავრისკავდი თუ არა იგივეს”, - რა უთხრეს რუსეთის მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG