Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე ნუკრი კალაშნიკოვი გაათავისუფლეს


ფოტო არქივიდან: ცხინვალი.
ფოტო არქივიდან: ცხინვალი.

საქართველოს მოქალაქე ნუკრი კალაშნიკოვი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. დე ფაქტო „კაგებე-ს" პრესსამსახურის ცნობით, ის ქართულ მხარეს 27 სექტემბერს გადასცეს.

„საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი მიმდინარე წლის ივნისში დაარღვია, ქართულ მხარეს სამშაბათს გადასცეს. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 22 ივნისს დაკავებული საქართველოს მოქალაქე კალაშნიკოვი ნუკრი, 2022 წლის 24 ივნისს, ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და მიესაჯა ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია დე ფაქტო "კაგებე-ს" პრესსამსახურის განცხადებაში.

ნუკრი კალაშნიკოვის დაკავების შესახებ ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა 23 სექტემბერს ერგნეთში გამართული შეხვედრის დროს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმავე დღეს კიდევ ერთი დაკავებულის, პერევის მცხოვრების, გელა იობაშვილის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში განაცხადა, რომ ერთ-ერთი დაკავებულის გათავისუფლების საქმეში პროგრესი შეინიშნება. თუმცა, როგორც ირკვევა, კალაშნიკოვი სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.

27 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში სუსი აღნიშნავს, რომ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები. მისი განცხადებით, ნუკრი კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება. მათგან ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძეა, რომელსაც ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 3 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG