Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარსზე ვითარება უცვლელია - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 სექტემბერს


ლარსი - რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო?

21 სექტემბრის შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ ყველა გზა გამოიყენონ ქვეყნის დასატოვებლად. საგრძნობლად გაიზარდა ავიაბილეთების ფასები, იაფი ალტერნატივა, სახმელეთო საზღვრით ქვეყნის დატოვება კი, რუსეთის მეზობლებისთვის ახალ თავსატეხად და გამოწვევად იქცა. მათ შორისაა საქართველოც.

საქართველოსკენ გრძელი და დამღლელი გზებით მომავალი რუსი მიგრანტების სავალალო მდგომარეობის გამო საქართველოში ბევრი ჰუმანიტარული კატასტროფის ნიშნებზეც ლაპარაკობს. სოციალურ ქსელებში ბევრი იწერება „ომზე უარის მთქმელთა დახმარების აუცილებლობაზე" და იმაზე, რომ მათი შემოშვებით საქართველო ხელს შეუწყობს უკრაინაში გასაგზავნი "მობილიზებულების" რიცხვის შემცირებას.

არიან ისეთებიც, ვისაც საეჭვოდ ეჩვენება ის ფაქტი, რომ რუსეთს ამ დრომდე არ ჩაუკეტავს საზღვარი მობილიზაციას გამოქცეული მოქალაქეებისთვის. თითქოს შეგნებულად უწყობს ხელს მათ მიერ ქვეყნის დატოვებას. ამის გამო გაჩნდა საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამას არ აპირებს.

„ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, მაქსიმალურად ვაკონტროლებთ იქ არსებულ სიტუაციას, დამატებით ძალებია გადაგზავნილი ლარსის პუნქტზე“, - უთხრა 28 სექტემბერს ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. „რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, მაგრამ არსებული რესურსებით ვუმკლავდებით, თითოეული პირის შესწავლა ხდება და სადაც საფრთხეები არსებობს, იმ ადამიანების მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება ხდება“, - თქვა დარახველიძემ.

რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო და მოქმედებს თუ არა ასეთ დროს სავალდებულო საერთაშორისო წესები? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

პროტესტი და მღელვარება ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლის გამო

პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა თბილისში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში. უკმაყოფილება ტვიტერზე გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს”, - წერს პრემიერ-მინისტრი.

გუშინ გამოეხმაურა ლუკაშენკას ვიზიტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. „ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გუშინ საქართველოს საგარეო უწყებამ ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი პროტესტის ნიშნად დაიბარა. სამინისტრომ დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლა.

თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან გააპროტესტეს ვიზიტი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა. მათ ლუკაშენკას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ფოტოები დაწვეს.

გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა და სამომავლო კავშირების გაღრმავების საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა. ლუკაშენკა იქ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

3 ოქტომბრისთვის დაინიშნა რუსეთის დუმის რიგგარეშე სესია, რომელზეც უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საკითხს განიხილავენ

რუსეთის დუმა 3 ოქტომბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის შესახებ 28 სექტემბერს გამოაცხადა.

რუსული სააგენტო „ტასი“ იუწყებოდა, რომ რუსეთის დუმა და ფედერაციის საბჭო ანექსიის შესახებ დოკუმენტს 29 სექტემბერს დაამტკიცებდნენ.

ის რაც საერთაშორისო სამართლით ანექსიაა, უკვე დაგმო უკრაინამ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა.

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მიერ არაღიარებული რეფერენდუმების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადეს.

წაიკითხე მეტი.

კიევი ომის დანაშაულად მიიჩნევს მარიუპოლიდან უკრაინელი ბავშვების რუსეთში გადაყვანას, რაც დაადასტურა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენმაც

უკრაინამ ომის დანაშაული უწოდა უკრაინელი ბავშვების მარიუპოლიდან რუსეთში გადაყვანას. ბავშვების გადაყვანაზე რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენმა მარია ლვოვა-ბელოვამ ისაუბრა. მისი ციტატა გამოცემა "მოსკოვ ტაიმსის" ტვიტერის გვერდზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მარიუპოლიდან რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვები თავდაპირველად ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი რუსეთისადმი, მაგრამ ახლა უკვე აღარ სურთ სახლში დაბრუნება.

მარია ლვოვა-ბელოვამ დაადასტურა ინფორმაცია, რომელზეც მისმა უკრაინელმა კოლეგამ საერთაშორისო საზოგადოება უფრო ადრე ჩააყენა საქმის კურსში.

წაიკითხე მეტი.

1993 წლის შემოდგომის თვითმხილველები - რეპორტაჟი ჭუბერიდან

„აი, ამ მთის იქით აფხაზეთია“, - გვეუბნებიან ჭუბერში. „აი, ეს მთა“ ჭუბერელების უკანა ეზოა, იმის იქით კოდორის ხეობა იწყება. 1993 წლის შემოდგომას ლახამის თემის გადმოსასვლელიდან სოფელს მოულოდნელად ათასობით ადამიანი მოაწყდა. აფხაზეთიდან დევნილები მოდიოდნენ.

სექტემბრის ბოლო რიცხვებში, განსაკუთრებით კი სოხუმის დაცემის შემდეგ, დევნილების დიდი ნაწილი საკენი-ჭუბერის უღელტეხილს დაადგა. 100-120 ათასი ადამიანი რამდენიმე დღე ალპურ ზონაში, ღია ცის ქვეშ მოდიოდა, მოხუცები, ბავშვები, დაჭრილები... ერთ-ერთი პირველი სოფელი, სადაც მათ უმასპინძლეს, ჭუბერი იყო.

ნატო სუბარი: „თავიდან 11 მოვიდა, თბილისელი ბიჭები, „მაიაკთან“ ვიბრძოდითო. სოხუმის დაცემის კადრებს ამ სახლში უყურეს. ყველანი ტიროდნენ. შემდეგ დაიწყო და დაიწყო, 28-ში უკვე 6 ვერტმფრენი იდგა სკოლის ტერიტორიაზე. ვინც ამ ვერტმფრენით ჩამოიყვანეს, ჰო კარგი და ვინც არა, ფეხით მოდიოდა საცოდავად.

წაიკითხე და ნახე მეტი თეა თოფურიასა და მზია საგანელიძის რეპორტაჟში ჭუბერიდან.

თამარ საუთიევა 4 წლის იყო, როცა მისმა ოჯახმა აფხაზეთი 29 წლის წინ, სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა. საუთიევები სანატორიუმ „ქართლის " ყოფილ შენობაში ცხოვრობდნენ.

თამარი 2022 წლის იანვარში იმ დევნილების წარმომადგენელი იყო, რომლებიც სანატორიუმ „ქართლის" ავარიული შენობიდან გასახლებას ითხოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG